ვაკეში კაფეში ფორმულას ჟურნალისტების ცემაზე გამოძიება დაიწყო

ვაკეში კაფეში ფორმულას ჟურნალისტების ცემაზე გამოძიება დაიწყოსპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ფორმულას” თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის

ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“2022 წლის 17 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, დამნაშავე პირის დადგენისა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.

როგორც ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან წერდნენ რესპონდენტს, როდესაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა “ფორმულას” თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ აგრესია მას შემდეგ წამოვიდა, რაც თავდამსხმელმა გაიგო, რომ ისინი “ფორმულაზე” მუშაობდნენ.

იპნ