ვანო მერაბიშვილი – “უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში ვარ ქართველი იურისტების ჯგუფთან ერთად…”

ვანო მერაბიშვილი - "უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში ვარ ქართველი იურისტების ჯგუფთან ერთად..."ვანო მერაბიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ახალი ნიურნბერგის პროცესი პუტინის წინააღმდეგ.
2 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, იგივე ჰააგის ტრიბუნალმა, რომელიც იძიებს გენოციდის, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება.
ტრიბუნალის გამომძიებლები უკვე იმყოფებიან უკრაინაში და უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ.
ქართველი იურისტების გუნდთან ერთად ამჟამად ვიმყოფები უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან, მათ შორის 2008 წლის ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით. ჩვენ, მთელს ჩვენს გამოცდილებასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ რუსმა ოკუპანტებმა, როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენმა, ასევე დანაშაულებრივი ბრძანების გამცემმა პირებმა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით, პასუხი აგონ ყველა იმ უკანონობისთვის, რაც მათ ჯერ საქართველოსა და შემდგომ უკრაინაში ჩაიდინეს.”