“ბიძაჩემმა ამ სასწაულის შემდეგ 33 წელი იცოცხლა” – დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი

"ბიძაჩემმა ამ სასწაულის შემდეგ 33 წელი იცოცხლა" - დეკანოზი ლუკა სუპატაშვილიდეკანოზი ლუკა სუპატაშვილი „ასიათასი მოწამის“ სახელობის ტაძრის წინამძღვარია, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს.

მოძღვარი 7 შვილის მამაა. ახლა უკვე ბევრისთვის საყვარელმა მოძღვარმა, „საბურთალოელი ბიჭობიდან“ ეკლესიის საკურთხევლამდე საინტერესო გზა გაიარა.

„1968 წელს დავიბადე მე და ისე მიდიოდა ჩემი ცხოვრება, რომ არაფერი მიბიძგებდა რელიგიურობისკენ. გარდამეცვალა დედა, როცა პატარა ვიყავი. შემდეგ ბებიას ინსულტი დაემართა. ამის შემდეგ ბიძაჩემს ისეთი რამ დაემართა, ექიმები ამბობდნენ, რომ ერთი პროცენტიც არ იყო გადარჩენის შანსი.

არ ვიცი როგორ, მივდიოდი გზაზე და შევედი ქაშუეთის ეკლესიაში. პირველად შევედი მაშინ ტაძარში. (19 წლის ვიყავი) რომ შევედი, დამხვდა მრავალი ხატი. შევხედე და ყველა ხატი მეგონა ღმერთის. მივედი ხატთან (შემდეგ გავარკვიე, რომ იყო წმინდა ნიკოლოზის ხატი). ვთხოვე, ღმერთო, დედა გარდამეცვალა, ბებია ძალიან ცუდადაა და გევედრები ბიძა მაინც გადამირჩინე-მეთქი.

იმავე საღამოს მივედი ოჯახში მთავარ ექიმთან, ის ჩვენი ნათესავი იყო და ასეთ რამეს ამბობს: „დღეს საოცარი რამ მოხდა, ამას არავინ ველოდით, პირველი რეფლექსები გამოავლინაო“. ამ დროს ვიგრძენი გულში, რომ რაღაც არაბუნებრივი მოხდა და დავაკონკრეტებინე: ეს რა დრო იყო-მეთქი? – მითხრა, რომ შესვენებიდან ახალმისული ვიყავი, სადღაც 13:30 საათი იქნებოდაო…

ეს ის დროა, როცა მე ვილოცე. სანაცვლოდ ღმერთს აღვუთქვი, რომ თუ ეს მოხდებოდა (ბიძა გამოჯანმრთელდებოდა) მე შაბათ-კვირას ეკლესიაში ვივლიდი.

ბიძაჩემი გადარჩა. ამის შემდეგ იცოცხლა კიდევ 33 წელი. მე 9 წლის შემდეგ მოვინათლე. ეს იყო ჩემთვის აღსრულებული სასწაული“,- ამბობს დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი.

პრაიმ ტაიმი