“მძინარე მამას მამის პისტოლეტიდან ესროლა, მძინარე დედას – სხვა პისტოლეტიდან” – ვაზისუბანში დ.ბ-ს ბრალდება წარუდგინეს

"მძინარე მამას მამის პისტოლეტიდან ესროლა, მძინარე დედას - სხვა პისტოლეტიდან" - ვაზისუბანში დ.ბ-ს ბრალდება წარუდგინესპირს, რომელმაც ვაზისუბანში მშობლები მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა, ბრალდება წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მშობლების მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ წლების მანძილზე მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო მათი მოკვლა განიზრახა.

მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას, ზ.ბ.-ს თავის არეში ესროლა. შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ლ.თ-ს ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა.

მიყენებული დაზიანების შედეგად ზ.ბ და ლ.თ. ადგილზე გარდაიცვალნენ.

მკვლელობის შემდეგ დ.ბ.-მ კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, რის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. სამართალდამცველებმა დ.ბ. 28 აპრილს დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.