ნიკა მელია – “სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე არაადამიანურ განცხადებებს აკეთებს”

ნიკა მელია - "სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე არაადამიანურ განცხადებებს აკეთებს"„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ანტისახელმწიფოებრივს და არაჰუმანურს უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „სააკაშვილის შეწყალება მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების, საზღვარგარეთ ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესში ჩართულობა აუცილებელია ადამიანური და პოლიტიკური კუთხიდანაც.

„ქალბატონმა ზურაბიშვილმა ორივე მხრივ არასწორი განცხადებები გააკეთა და დარწმუნებული ვარ, ამას ის ძალიან კარგად მიხვდება. არც ადამიანური და არც პოლიტიკური თვალსაზრისითაც ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებები ვერ და არ იქნება გამართლებული. მას აქვს ის შესაძლებლობა, რომ ქვეყანას აარდიდოს კიდევ უფრო არასტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. თხელ ყინულზე დადის მთელი ერი და როდის ჩატყდება ეს თხელი ყინული არავინ იცის. ამ დროს ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ეს უფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილს გადაარჩინოს და აკეთებს არაადამიანურ და პოლიტიკურადაც გაუმართლებულ განცხადებებს. რა თქმა უნდა, ქალბატონი ზურაბიშვილის იმედზე ყოფნას არ ვაპირებთ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და საზოგადოების მთელი საღი ნაწილი, მაგრამ თუკი ვინმე ამ განცხადებებით და ნაბიჯებით დაზიანდება ეს იქნება თავად ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელმაც უკანასკნელი სამი, თუ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ის პრეზიდენტია, საზოგადოებას თავი ვერ დაამახსოვრა ვერცერთი მკვეთრი ნაბიჯით, რომელიც წაადგებოდა ამ ქვეყნის მომავალს. როდესაც შენ ხარ პრეზიდენტის სავარძელში და პრეზიდენტის სასახლეში საქმიანობ, შენ უნდა გახსოვდეს,რომ შენი კვალი უნდა დარჩეს ისტორიას და მომავალს. და როდესაც შენ, არათუ მომავლისთვისაც არ ტოვებს არანაირ პოზიტიურ კვალს, არამედ აწმყოშიც ხარ შეუმჩნეველი და განგებამ შესაძლებლობად გარგუნა შეიწყალო ან უბრალოდ, ადამიანის საზღვარგარეთ გადაყვანაში მიიღო აქტიური მონაწილეობა, ამას არ აკეთებ, ეს არის პროცესების ან არასწორი შეფასება ან იმდენად დიდი ხარისხის კომპლექსი, რომელიც ზურაბიშვილს ჩამოუყალიბდა, რომ აქ, ის არის უბრალოდ, უძლური. შეუძლებელია ადამიანი კვდებოდეს, შეუძლებელია ექიმების დაკვნების მიხედვით, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანების დასკვნები დასკვნებზე იდებოდეს და სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული საგანგაშო განცხადებები – ეს ყველაფერი არ მეტყველებდეს ვითარების სიმძიმეზე. როდესაც ამ ყველაფრის პარალელურად,მაინც ჯიუტად აკეთებ იმ განცხადებას, რასაც აკეთებ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და არაჰუმანური განცხადება“,- აცხადებს მელია.

გარდა ამისა, ნიკა მელიამ უპასუხა შეკითხვას ხომ არ უნდა შედგეს საერთაშორისო კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ მე დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი, მისი ურყევი ნება გაუძლებს ამ მძიმე დაავადებებს და ის ნამდვილად იქნება დახსნილი ტყვეობიდან, რა თქმა უნდა, არა ქალბატონი ზურაბიშვილის დახმარებით და ამ ხელისუიფლების აქტიური ჩართულობით, არამედ საერთაშორისო და ქართული საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობით. არ მოხდება ის, რაზეც შეიძლება ხელებს იფშვნეტდეს ხელისუფლებაში არც თუ ისე ცოტა ადამიანი. შეუძლებელია თვალყურს ვადევნებდეთ იმ ფატალური შედეგის დადგომის პროცესს, ეს არ მოხდება“, – აცხადებს ნიკა მელია.

როგორც მან აღნიშნა, „ამ ქვეყანაში ყველაფერი არ არის დამოკიდებული ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ნებაზე”.

იპნ