ორსული ქეთა კეპულაძის მკვლელი ქმარი გოგა გზირიშვილი შეზღუდულად შერაცხადია

ორსული ქეთა კეპულაძის მკვლელი ქმარი გოგა გზირიშვილი შეზღუდულად შერაცხადიაორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი შეზღუდული შერაცხადია. აღნიშნულის შესახებ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერაა გაცემული. დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა.

როგორც ბრალდებულ გოგა გზირიშვილის ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, აღნიშნული დასკვნა ბრალდებულს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, თუმცა სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შესაძლოა, შემამსუბუქებელ გარემოებად გამოიყენოს.

„შეზღუდული შერაცხადი არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ დანაშაული ვერ გაეცნობიერებინა, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის იმ სტანდარტზე, რაზეც ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკაა, თუმცა ის სისხლისსამართლის პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება“, – აცხადებს ჯანჯღავა.

ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად დაურეკა.