ქუთაისში ტიტე კორძაძის მკვლელობისთვის 27 წლის ქალი დააკავეს

ქუთაისში ტიტე კორძაძის მკვლელობისთვის 27 წლის ქალი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ს.ყ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტიტე კორძაძეს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.