სააკაშვილის ადვოკატზე ძალადობისთვის დაკავებულ გიორგი გიუაშვილს გირაო შეეფარდა

სააკაშვილის ადვოკატზე ძალადობისთვის დაკავებულ გიორგი გიუაშვილს გირაო შეეფარდამიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ ინსპექტორს, ბრალდებულ გიორგი გიუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4.000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე გიუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

როგორც საკუთარ შუამდგომლობაში პროკურორი ლევან ქუთათელაძე განმარტავდა, კონფლიქტის ინიციატორი თავად ბრალდებული გახლდათ, მან ადვოკატი ისეთ ადგილას შეიყვანა, სადაც კამერა არ იყო და ადვოკატს ხელი და ფეხი მოუქნია. ქუთათელაძის განცხადებით, ბრალდებულის ქმედებებით დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები შეილახა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

თავად ბრალდებულმა, რომელსაც ადვოკატი არ ჰყავდა და საკუთარ თავს თავად იცავდა, აღნიშნა, რომ პროკურატურის შუამდგომლობას არ ვეთანხმები.

“პროკურორების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მივიმალები, სიმართლეს არ წარმოადგენს, ინციდენტი თვენახევრის წინ მოხდა და მიმალვა არ მქონია მიზნად, გუშინ დამიბარა პროკურატურამ, აქამდე მივიმალებოდი, მიმალვა ჩემ ინტერესებში არ შედის, პირიქით, ჩემ ინტერესშია სიმართლის დადგენა.

რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, ჩამოთვლილი მოწმეებიდან მხოლოდ ერთი გახლავთ ჩემი თანამშრომელი, დანარჩენი მხოლოდ გამარჯობით ვიცი, აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ მექნება მათზე ზემოქმედება, ვინაიდან, დღემდე არ მქონია.

მტკიცებულებების განადგურებას რაც შეეხება, ჩემ ინტერესებში არ შედის, ფიზიკურ შეხებად ადგილი არ ჰქონია, ამას ამბობს ყველა და ეს ჩანს კადრებში, მტკიცებულებების განადგურება კი არა, ნეტა მეტის მოპოვება შეიძლებოდეს.

50 წლის გახლავართ, შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ, არასდროს ყოფილა გიორგი გიუაშვილი ბრალდებული, ამ ქვეყნის სამსახურში ვიყავი 18 წლიდან, ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, რომ პატიმრობაში უნდა ვიყო, ვერ მივიღებ. მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს რომ ფიზიკურ შეხებას არ ჰქონია ადგილი. ახალ დანაშაულს რატომ ჩავიდენ, პირიქით, ყველანაირად ვცდილობ, ეს უფრო ბევრი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი, როგორც სასამართლოთი, ასევე მედიით. ბოდიშით, მე იურისტი არ გახლავართ”,- განაცხადა გიუაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ ის “გულწრფელად ეუბნებოდა ბრალდებულს , რომ პოზიცია ბევრ იურისტზე ნაკლებად არ ჩამოუყალიბებია”.

მოსამართლემ მას კითხვა, თუ რას ითხოვდა სასამართლოსგან.

“თუ არის შესაძლებელი, არ დამაპატიმროთ, თუ შეუძლებელია, მინიმალური გირაო გამოიყენეთ”,- განაცხადა გიუაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გიუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.