სალომე ზურაბიშვილი – “საქართველო ტერიტორიების ომით დაბრუნებას არასდროს შეეცდება”

სალომე ზურაბიშვილი - "საქართველო ტერიტორიების ომით დაბრუნებას არასდროს შეეცდება"საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ვხედავთ, ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით ვერ მოიპოვება.

“ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან: ჩვენ გვასუსტებს მხოლოდ შიდა დაპირისპირება; უთანხმოება კი მტერს უხსნის გზას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება!

ეს ეხება, ასევე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და რომლებთანაც, ბოლოსდაბოლოს საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს. მინდა დღეს, აქედან, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან, მოგმართოთ თქვენ. მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას. უნდა იცოდეთ, და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის თუ დადებული პირობის გატეხა. საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია: არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის.

დღეს საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა – აჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზაა. გვინდა ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე – დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე, შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ.

ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება. ეს გზა განვლილი გვაქვს. მაშასადამე მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე მრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინებაც – თუ არა, სულ ცოტა გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენება!”- განაცხადა ზურაბიშვილმა.