ირაკლი კობახიძე – “სააკაშვილი თვითდაზიანებასაც კი არ იყენებს, ის სიმულირებს”

ირაკლი კობახიძე - "სააკაშვილი თვითდაზიანებასაც კი არ იყენებს, ის სიმულირებს"სინამდვილეში არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს საპატიმროებში ყველა პირობა უზრუნველყოფილია და ასეთ პირობებში სიმულაცია და თვითდაზიანება წარმატებული ვერ იქნება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება და ვერც ამდაგვარი რამ ვერ გახდება მისი ვერც საზღვარგარეთ გადაყვანის და მითუმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი. აქ, ძალიან მარტივადაა საქმე, მომსახურების თვალსაზრისით საპატიმროებში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია . ეს აღარ არის ის საპატიმროები, რაც წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როდესაც ციხეებში წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა. დღეს, ეს სტატისტიკა 12-ჯერ არის შემცირებული, იმიტომ, რომ სრულიად სხვა მომსახურება და პირობებია. შესაბამისად, ყველა პირობა უზრუნველყოფილია და თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ა.შ. ბუნებრივია, ასეთ პირობებში წარმატებული ვერ იქნება“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე მმართველი პარტიდან არავინ საუბრობს.

„საქართველოში მკურნალობისთვის ყველანაირი საშუალება არის, თუ ამის საჭიროება იქნება და დღეს ამის საჭიროებაც არ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც სააკაშვილის დიაგნოზს შეეხება.

„დიაგნოზი რომ არ იცით და ამხელა პანიკა გაქვთ აწეული ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ყველაფერი არის საპნის ბუშტივით. დიაგნოზიც კი არ იცით და ერთი კვირაა ამხელა კამპანია გაქვთ აწეული. რატომ არ იცით დიაგნოზი? იმიტომ, რომ ვიღაცები შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რომელიც სინამდვილეში არსებობდა. სინამდვილეში კი, არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს დღეების განმავლობაში. დიაგნოზი იმიტომ არ იცით, რომ არ გაწყობთ ეს დიაგნოზი. დიაგნოზის გარეშე რომ გაქვთ ერთკვირიანი კამპანია აწეული ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე,რომ ამ კამპანიას თავიდან ბოლომდე მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი აქვს“,- განაცხადა კობახიძემ.

„თქვენ რომ არ იცით, ეს ჩემთვის არის უკვე დიაგნოზის ცოდნა. თქვენ რომ რამე გცოდნოდათ, ამას პირველი გამოიტანდით“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.

იპნ