ნინო ნადირაძე – “სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია, მისი კვლევების ვადაზე ვერაფერს გეტყვით”

ნინო ნადირაძე - "სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია, მისი კვლევების ვადაზე ვერაფერს გეტყვით"„ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღნიშნულით, მან ჟურნალისტების კითხვაზე გასცა პასუხი, მძიმეა თუ არა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც ნადირაძე განმარტავს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კვლევები უტარდება, კონკრეტული დასკვნების შესახებ კი, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით პაციენტის ნებართვა ექნებათ.

კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს გიული ალასანიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სიმძიმის პაციენტი არ ჰყოლიათ, ნადირაძე პასუხობს, რომ მათ კლინიკაში „საკმაოდ მძიმე პაციენტები ჰყავთ“.

„ქალბატონმა გიულიმ რა თქვა, ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ნუზოლოგიის და ჩვენთვის უცხო არ არის არც ერთი დაავადების მკურნალობა… ერთს გეტყვით, პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, თუ რა ვადა სჭირდება კვლევებს, ამასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

„ვერ გეტყვით, ეს ხომ არ არის მათემატიკა, სადაც 2-ჯერ 2, არის 4… თქვენ როგორ გგონიათ, რომელიმე პაციენტს ჩვენ ცუდ პირობებში მოვათავსებთ? ევროპული ღირებულებები არის ადამიანების თანასწორობა, ჩვენთვის ყველა ადამიანი, ყველა პაციენტი, მიუხედავად იმისა, ის არის მსჯავრედებული, თუ თავისუფლებაზე მყოფი, ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია, მათი პირადი მონაცემები არის ერთანიარად დახურული, თუ ისინი ამის გასაჯაროებას არ ისურვებენ. ბატონი მიხეილი კვლევის პროცესშია“, – განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ ის ნიკოლოზ ყიფშიძეს არ იცნობს.

„მე ჩემი კლინიკის ლიცენზირებულ, მაღალკვალიფიციურ ექიმებზე ვაგებ პასუხს, დანარჩენზე პასუხს ვეღარ გაგცემთ. ჩვენ კანონმდებლობის ჩარჩოებში ვმოქმედებთ, მე საერთოდ არ დამინახავს ნიკოლოზ ყიფშიძე, ჩემთვის არ მოუმართავს. ბატონ ნიკოლოზ ყიფშიძეს არ ვიცნობ, იმედია, გავიცნობ და კარგი კომუნიკაცია გვექნება“, – განაცხადა ნადირაძემ.

იპნ