“ყელზე აქვს დიდი ჭრილობა” – ასპინძაში მამაკაცი მოკლეს

"ყელზე აქვს დიდი ჭრილობა" - ასპინძაში მამაკაცი მოკლესშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს.

5 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ასპინძის სამედიცინო დაწესებულებაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი შეიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, 35 წლამდე კაცს ყელის არეში  დიდი ჭრილობა აქვს.

„ჩვენთან გვამი შემოიყვანეს. რა მოხდა, არ ვიცი. ყელზე აქვს დიდი ჭრილობა. რამდენადაც ვიცი გამვლელმა პირებმა მოიყვანეს. არ ვიცით ვინაობა“, – უთხრა “სამხრეთის კარიბჭეს” კლინიკის ხელმძღვანელმა მანანა ცინაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამხრეთის კარიბჭის ფოტო