„სანამ უგონოდ ვიყავი, ღმერთმა ხელი მოგვკიდა და ბეწვის ხიდზე უვნებლად გადაგვატარა“ – თამთა დოლიძე

„სანამ უგონოდ ვიყავი, ღმერთმა ხელი მოგვკიდა და ბეწვის ხიდზე უვნებლად გადაგვატარა“ - თამთა დოლიძე„რუსთავი 2-ის“ გურიის რეგიონის ბიუროს კორესპონდენტი, თამთა დოლიძე  სოციალურ ქსელში წერს:

„მხოლოდ ის მახსოვს, რომ სამყარო მარცხენა მხრიდან ჩამოინგრა და უცებ უჩვეულოდ მშვიდად გავიფიქრე: „აჰა, მოვკვდი“. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ სანამ უგონოდ ვიყავი, ღმერთმა ხელი მოგვკიდა და მე, კუკა და მირიანი ბეწვის ხიდზე უვნებლად გადაგვატარა.

ახლა მრავალჯერადი მოტეხილობებით ვწევარ და კიდევ თვე-ნახევარი ასე უნდა ვიყო. მაგრამ ჩემს თავს ვატყობ, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, უჩვეულო ბედნიერებას ვარ მიცემული.

ჩემი განსაცდელი გაიზიარა, მორალური და ფინანსური მხარდაჭერა გამომიცხადა უამრავმა ადამიანმა, რომელთაც მუდამ ვეცდები ეს დიდი სიკეთე ასევე სიკეთით გადავუხადო.

ხალხო, გეფიცებით, მე ვერაფერი მომკლავს: სრულიად არაჩვეულებრივი დიდი და ძლიერი ოჯახი მყავს, რომლის თანადგომა სიხარულის ცრემლებით მატირებს ყოველდღე. ჩემი ძალა და სიმტკიცე არიან ჩემი გასაოცარი მეგობრები. ისინი არიან ჩემი კლდე და კედელი. მყავს ორი ძვირფასი ოჯახი: „გურიაTV“ და „რუსთავი2“, რომლებიც დღიდან გადარჩენისა, ჩემი და ჩემი ოჯახის გვერდით არიან და ჩემი გული სავსეა მათ მიმართ მადლიერებით. ჩემი ტელეფონი სავსეა უამრავი ზარით და შეტყობინებით, რომელთა უდიდეს ნაწილს ჯერ ვერც ვუპასუხე. და ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარი: კუკა, ილია, მირიანი. ჩემი სამი სიმაღლე, საიდანაც ყველაზე დიდი პრობლემაც კი წერტილისოდენა ჩანს.

გარეთ მზეა და მე კიდევ მაქვს შანსი ამ ჩემი უზარმაზარი ბედნიერებით დავტკბე.

ხალხო, დიდი მადლობა ყველას! ყველა ნიუანსი ვიცი და ღმერთმანი, არასდროს დავივიწყებ! თქვენს გვერდით ვარ ყველაფრით, რაც შემეძლება იქამდე, ვიდრე, ღმერთი კვლავ აპირებს ჩემი ბედნიერი ცხოვრებით დამატკბოს“