სასამართლომ რუსთავი 2-ს ნოდარ მელაძისთვის 80.000, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანისთვის 82.000 ლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ რუსთავი 2-ს ნოდარ მელაძისთვის 80.000, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანისთვის 82.000 ლარის გადახდა დააკისრათბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-დან ტელეწამყვან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და აღნიშნულ კომპანიას მელაძისთვის კომპენსაციის სახით 80.000 ლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა თეო ზაქარაშვილმა განუცხადა.

როგორც ზაქარაშვილი განმარტავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

„მოსარჩელე იყო ნოდარ მელაძე, რომლის ინტერესებსაც იცავდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი იურისტი, თეო ზაქარაშვილი. რაც შეეხება მოპასუხეს, ეს იყო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. საკითხი ეხებოდა ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ ბრძანებას. 2019 წლის 20 აგვისტოს, ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც გავასაჩივრეთ, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ, ბათილად ცნო და აღნიშნა, რომ ნოდარ მელაძის გათავისუფლება არღვევდა სამართლებრივ უფლებებს და იყო უკანონო. სასამართლომ „რუსთავი 2“-ს დაავალა ნოდარ მელაძისთვის კომპენსაციის სახით 80.000 ლარის გადახდა“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

სასამართლომ „რუსთავი2“-დან ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლება ასევე უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით 62.000 ლარის გადახდა დააკისრა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა თეო ზაქარაშვილმა განუცხადა.

როგორც იურისტი განმარტავს, „რუსთავი2“-ს ასევე დაეკისრა ჟორჟოლიანისათვის მიუღებელი შემოსავლის გადახდა 20.000 ლარის ოდენობით.

„მოსარჩელე გახლდათ ნანუკა ჟორჟოლიანი. რაც შეეხება მოპასუხეს, ეს იყო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. სასამართლომ გათავისუფლება ცნო უკანონოდ და 62.000 ლარის გადახდა დააკისრა და ასევე, მიუღებელი შემოსავლის გამო, 20.000 ლარის გადახდა დაევალა“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

იპნ