ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დილით დამირეკეს წავიდაო… დღე ნახევარი ებრძოლა, მარცხენა ხელის ქნევით მიქელ-გაბრიელს და დამარცხდაო.
სკოლიდან სახლამდე, ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს მოვუყვებოდი, ხან იტალიის ცას შევხედე, ხან მის ლაბირინთივით დაქსაქსულ ქუჩებს, ყველგან წარსულის მითები და ლეგენდები რომ მიყუჟულან… მოკლედ, ჩემს თავთან დაბრუნებას ვზეიმობდი.
იანვრიდან დღემდე, მოჯადოებულ წრეში ვიტრიალე, როგორ გავიდა ეს ხუთი თვე არ მახსოვს, სულს ვებრძოდი, ხო და დღეს გადავწყვიტე დამესრულებინა ეს დაუსრულებელი ბრძოლა საკუთარ თავთან. ვთქვი, რაც არის ეს არის, როგორმე უნდა გავაგრძელო ცხოვრება-თქო და, უცებ მეუბნებიან გარდაიცვალაო.
ჩემი მოხუცი, ჩემი მოახლეური ცხოვრების დიდი ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის დამარცხებაში დამეხმარა. ჩემი და ამ ქალაქის ექიმი, ჩემი ბრმა მოხუცი, რომელიც მხოლოდ ხელებით მცნობდა.
თბილი დამხვდა… იმ თბილ ხელებში ჯვარი ჩავუდე, ჩემი ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრებაც მის თავსთუმალთან გამოვიტირე, იქაც ჩემს დარდებზე ვესაუბრე და გავუშვი… დღეს, ჩემი იტალიური ცხოვრების სათნო ეპიზოდი გარდაიცვალა!
როცა მოვხუცდები, მინდა მისნაირი მოხუცი გამოვიდე, მასავით დიდი და მოყვასი!
Vincenzo Pagliarulo, მანამ არ დამავიწყდები, სანამ ამას ღმერთი არ გადაწყვეტს! ნახვამდის!”

