თეონა გვაზავა – “ნელი დოროყაშვილმა ვერ გაიხსენა, ხელზე დაზიანება როდის მიიღო”

თეონა გვაზავა - "ნელი დოროყაშვილმა ვერ გაიხსენა, ხელზე დაზიანება როდის მიიღო"ჩვენთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მიიღო ნელი დოროყაშვილმა დაზიანება,- ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის მიერ დათვალიერებისას, ნელი დოროყაშვილს მკლავზე მხოლოდ სიწითლე ჰქონდა. რაც შეეხება ექსპერტის მიერ ასახულ დაზიანებას სისხლნაჟღენთის სახით, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დაცვის მხარისთვის უცნობია, საიდან გაჩნდა ის.

“აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკითხულია სასწრაფოს ექიმი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა პირველს დაეთვალიერებინა ნელი დოროყაშვილის მხარზე არსებული ესკორაციები. ექიმმა ცალსახად განმარტა, რომ დოროყაშვილს აღენიშნებოდა უმნიშვნელო დაზიანება სიწითლის სახით, რაც კანის ოდნავ აქერცვლაში გამოიხატებოდა. თავის მხრივ, როცა დაესვა კითხვა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებულია მკლავის შიდა ნაწილში დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, ექსპერტმა გამორიცხა აღნიშნული დაზიანების არსებობის ფაქტი 2020 წლის 21 მაისის 16:00 საათის მდგომარეობით.

ექსპერტმა ასახა ის დაზიანება, რაც ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა, თავის მხრივ, ექსპერტმა დღეს, დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა, რომ ეს დაზიანება შესაძლოა, მიყენებული იყოს რამდენიმე საათის შემდეგაც და არ იყოს წინააღმდეგობაში ხანდაზმულობის კუთხით. ამ ნაწილში ნელი დოროყაშვილის განმარტებები სარწმუნო არ არის. დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით უნდა ვიხელმძღვანელოთ სპეციალისტთა განმარტებებით. სპეციალისტი, რომელმაც პირველად, გულდასმით დაათვალიერა ნელი დოროყაშვილის მარჯვენა მკლავი, როგორც შიდა, ასევე გარე ზედაპირი, ცალსახად დააფიქსირა, რომ მას აღნიშნული დაზიანება არ ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანება. საყურადღებოა შემდეგი დეტალი, როცა სასწრაფოს ექიმმა მსგავსად ექსპერტისა, ნელი დოროყაშვილს დაუსვა კითხვა, თუ რა ვითარებაში მიიღო გარე ზედაპირზე არსებული უმნიშვნელო დაზიანება კანის სიწითლისა და აქერცვლის სახით, მან უპასუხა, რომ ვერ იხსენებს და ვერ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული დაზიანება მასში ტკივილს არ იწვევდა, რაც სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ბრალის წარდგენისას”,- განაცხადა გვაზავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100.000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

იპნ