თურქეთში ავარიაში მოყვა ქართველების მიკროავტობუსი – 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

თურქეთში ავარიაში მოყვა ქართველების მიკროავტობუსი - 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდათურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

“აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, გაემგზავრა”,- აცხადებენ უწყებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიის შესახებ, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული 6 მოქალაქიდან, 1 გარდაიცვალა და ის უკვე გადმოსვენებულია სამშობლოში, დანარჩენი 5 მკურნალობის კურსს გადის სხვადასხვა კლინიკებში.

„გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ყველა დაშავებული მოქალაქე და მიიღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ტრაპიზონში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც დაშავებულების ოჯახის წევრებთან, ასევე მათ მკურნალ ექიმებთან.

დღესვე, დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ვიზიტი ქალაქ ტრაპიზონში, სადაც ის, გენერალურ კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად, მოინახულებს დაშავებულ მოქალაქეებს”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.