„პრეზიდენტი მე დავწყევლე“ – ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე

„პრეზიდენტი მე დავწყევლე“ - ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქპოსტზე ხარაგაულის საკრებულოს ოფიციალური გვერდიდან დაწერილი შეურაცხმყოფელი ტექსტის ავტორი თვითონ არის.

„შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალე და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე, შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე, ყოველ შენს გამოსვლაზე, სისულელეებს აბრეხვებ, დაოკდი რა… ოცნებას და ბიძინას დილა საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები, არ გიცნობდე მაინც,“ – ეს კომენტარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან წუხელ გამოქვეყნდა ქარდზე, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

ხარაგაულის საკრებულოს ეს ფეისბუქკომენტარი ამ დროისთვის წაშლილია.

„ეს ჩემი პირადი მოსაზრება იყო, სიტყვის თავისუფლებაა, მე ხომ მაქვს ჩემი პირადი მოსაზრება? ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა და მაშინვე გამოსწორდა,“ – გვიპასუხა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ. მან არ განმარტა, რა იყო კონკრეტული ტექნიკური ხარვეზი.

„თქვენ ქართული არ გესმით ხო?“ – სხვა კითხვებს მანანა ბარბაქაძემ აღარ უპასუხა და ტელეფონი გამორთო.

მანანა ბარბაქაძე 1978 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია და მოსკოვის პოლიციის აკადემია აქვს დამთავრებული.

„პრეზიდენტი მე დავწყევლე“ - ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე