ნუკრი ქანთარიას ხელფასი გაორმაგდა და 6.000 ლარია, ის ბათუმის დრამატულ თეატრში მუშაობს

ნუკრი ქანთარიას ხელფასი გაორმაგდა და 6.000 ლარია, ის ბათუმის დრამატულ თეატრში მუშაობსპარლამენტის ყოფილი წევრი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს. ის მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგა.

დანიშვნის ეტაპზე „ბათუმელებს“ დრამატული თეატრიდან შეატყობინეს, რომ ნუკრი ქანთარიამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია თეატრში ოფიციალურად არ დაგვიდასტურეს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დადასტურდა ინფორმაცია ახალი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის ხელფასის გაორმაგების თაობაზე. 2022 წლის 29 ივლისს მინისტრ მაია ხაჯიშვილის მიერ დრამატული თეატრის დამტკიცებულ საშტატო განრიგში მითითებულია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის ანაზღაურება 6000 ლარი იქნება.

იმავე უწყების 2021 წლის ანალოგიურ დოკუმენტში წერია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის ხელფასი 2940 ლარია.

აღსანიშნავია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის ხელფასი 3555 ლარით აღემატება დირექტორის ხელფასს. საშტატო ნუსხას კი, სადაც ხელფასებიც არის განსაზღვრული, მინისტრთან ერთად სწორედ თეატრის დირექტორი ამტკიცებს. შესაბამისად, ნუკრი ქანთარიასთვის ხელფასის მატების დოკუმენტს დრამატული თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ კალანდაძეც აწერს ხელს. მისი ხელფასი კი 2445 ლარია.

გასულ წელთან შედარებით გაზრდილია დირექტორის ხელფასიც – 225 ლარით.

გასულ წელთან შედარებით გაუზრდიათ, მაგალითად, დურგლის ხელფასი – ოღონდ მხოლოდ 45 ლარით და ჯამში მისი ანაზღაურება 505 ლარია.

ბათუმის დრამატული თეატრის ერთი ჯგუფი ნუკრი ქანთარიას დანიშვნის ეტაპზე განიხილავდა, როგორც „მოვლენილ ცენზორს“, უფრო ზუსტად კი, მინისტრ თეა წულუკიანის „გავლენის აგენტს“. თუმცა მათ ამაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ.

„მეეჭვება, რომ ნუკრი ქანთარიამ ჩაუშვას მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი დადგმაში, ის პირდაპირ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“… „ოცნება“ ყველგან ცდილობს თავისი კადრების გაყვანას,“ – ეს შეფასება კი მსახიობ ოთარ ქათამაძეს ეკუთვნის, რომელიც 2006 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია.

„ბათუმელებმა“ სცადა თავად ნუკრი ქანთარიასთან დაკავშირება, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. რეჟისორ ნუკრი ქანთარიასთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ მოითხოვა ხელფასის გაორმაგება და რა გეგმები აქვს, მაგალითად, ამ სეზონზე ან შემდეგ სეზონზე – რა და რამდენი სპექტაკლი დაიდგმება.

____

როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქანთარია ამ თანამდებობაზე აჭარის განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა და ის მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგა.

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოცხადდა კონკურსი, სამინისტროში გვითხრეს, რომ მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება აქვს.

ნუკრი ქანთარია ორი მოწვევის პარლამენტარი იყო „ქართული ოცნებიდან“. ის პროფესიით დრამის რეჟისორია.