საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა” იყიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა" იყიდა„საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა „ვისოლ ჯგუფმა” იყიდა, – ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი” ავრცელებს, რომელსაც კომპანიის დამფუძნებელმა, სოსო ფხაკაძემ ეს თავადვე დაუდასტურა.

„მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა, ვაპირებთ ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქმნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციაზე,”- აცხადებს სოსო ფხაკაძე.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.

2022 წლის 1 სექტემბერს დაწყებული აუქციონი დღეს, 12 საათზე დასრულდა. კოსტავას 68-ში მდებარე უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული.

ქონების საწყისი ღირებულება 65 მლნ ლარს (დღგ-ს გარეშე) შეადგენდა, ქონება კი 65.1 მლნ ლარად გაიყიდა.  დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება 76.7 მლნ ლარი გახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

45% – ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში, 20% – არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, 20% – არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, 7.5% – არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა, 7.5% – არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,” – ნათქვამია აუქციონის პირობებში.