თეა წულუკიანი – „ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი“

თეა წულუკიანი - „ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი“ კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მასზე დასარტყმელად კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა, დავით წიკლაურმა გაიწია.

„ინფორმაცია, რომ კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან ჩემდამი იყო რაიმე წინააღმდეგობა, არის სიცრუე. ჩვენ გვყავს მოკრივეები, რომლებიც ერთი მეორეზე ღირსეული არიან თავიანთი ქცევით,  მიღწევებით. რაკი ამ თემამ ასეთი გამოხმაურება მიიღო, გეტყვით, რომ კი ბატონო, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს ქმედება ჩემს გონებასა ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ წელს იმხელა შედეგები აჩვენეს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ.

ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე. როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ფედერაციას, მაგრამ ამ ადამიანს, რომელიც პრინციპში, ამ ფაქტის შემდეგ არავინ არ არის, ცარიელი ადგილია. მე ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ, რადგან მე ვარ სპორტის მინისტრი, მევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა მათ ექნებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ როგორც ქალ მინისტრს აქვს პრობლემები გარკვეულ ფედერაციებთან და რომ მასზე დასარტყმელადაც კი გაიწიენ, თუმცა მინისტრს მაშინ კონკრეტული პირი არ დაუსახელებია.