„უნიჭო სპექტაკლია…” – კალაძე სუსის მიერ ოპოზიციის თვალთვალზე

„უნიჭო სპექტაკლია..." - კალაძე სუსის მიერ ოპოზიციის თვალთვალზე„უნიჭო სპექტაკლია” – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე მედიაში 17 სექტემბერს გასულ რეპორტაჟს სუსის მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონო მოსმენასა და თვალთვალთან დაკავშირებით. კალაძე ამბობს, რომ ეს „შეთითხნილია”.

„ეს არის ჩვეულებრივი, უნიჭო სპექტაკლი. ვნახე გუშინდელი სიუჟეტი, რომელიც იყო გაკეთებული, ძალიან უნიჭოდ დადგმული და შეთითხნილი იყო ეს ყველაფერი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, შესაბამისად, დეტალებში შესვლა და რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, არ მინდა… მე დავჯდე ახლა და გავაკეთო ანალოგიურად ვიდეოები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიურის გაკეთება”, – თქვა კალაძემ.