„განათლებისა და კულტურის სამინისტრო ერთიანდება! მინისტრი წულუკიანი იქნება!“

„განათლებისა და კულტურის სამინისტრო  ერთიანდება! მინისტრი წულუკიანი იქნება!“„ახალი თაობის” კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.
– ქალბატონო ლელა, რა ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რატომ ერთი კანდიდატი და რატომ ჯაბა სამუშია? არ ეშინიათ სტუდენტური ტალღის? სტუდენტების ქუჩაში გამოყვანა უნდათ?
– იცით, ძალიან მარტივად არის საქმე. ასევე ჩემი ინფორმაციით, იგეგმება გარკვეული რეორგანიზაცია და განათლების და კულტურის სამინისტრო კვლავ ერთიანდება, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ქალბატონი წულუკიანი. როგორც ჩანს, ახლა განათლებაშია საჭირო მისი მსახვრალი ხელი. იმისთვის, რომ საბოლოოდ დაიმორჩილოს ის სფეროები, სადაც მოაზროვნე ადამიანები ჯერ კიდევ შერჩნენ აქა-იქ. ამიტომ, ჯაბა სამუშია არის მისთვის სანდო კანდიდატი, რომელიც გაატარებს “რეფორმებს” უნივერსიტეტში. ყველაფრის მიუხედავად და იმ კატაკლიზმებისა, უნივერსიტეტი ყოველთვის იყო თავისუფლების კუნძული, სადაც მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ გატარებული ე. წ. რეფორმებისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის დამორჩილებას ისახავდა მიზნად, აქ მაინც ყოველთვის იყო თავისუფალი ადამიანების სამჭედლო. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს, რომ წულუკიანის ხელით, საერთოდ ჩაკლას აზროვნების ცენტრები საქართველოში!
– სტუდენტების დამორჩილება ასე მარტივი იქნება? გვინახავს ჩვენ სტუდენტური პროტესტი.
– რასაკვირველია, მარტივი არ იქნება და ეს არც თეა წულუკიანმა იცის და არც ბიძინა ივანიშვილმა. არც ერთი მათგანი არ ყოფილა ისეთი სტუდენტი, რომელსაც რაიმე ღირებულებები ექნებოდა. იმას, რაც უნივერსიტეტში დაიწყება, ვერასოდეს ვერაფერი ვერ შეაჩერებს. თუ ახლა უნივერსიტეტს ცუდად მოექცევიან, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ ეს! ჯერ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ საბოლოოდ გაეტეხა უნივერსიტეტი. რაღაცა პერიოდი შეიძლება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის ყოველთვის რჩებოდა თავისუფლების კუნძულად.
– ანუ ჩხენკელს უშვებენ თქვენი ინფორმაციით?
– გაუშვებენ თუ მოადგილედ დაუტოვებენ ქალბატონ თეას, ეს არ ვიცი, როგორ იქნება. ფაქტია, რომ მინისტრი წულუკიანი იქნება. მე ძალიან ვწუხვარ ერთ რამეზე, მიხეილ ჩხენკელი არის ძალიან ცნობილი მეცნიერი. ძალიან სერიოზული პროფესიონალი თავის დარგში. მას აქვს ძალიან სერიოზული აღიარება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ჩემთვის გაუგებარია, ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ იმსხვერპლა ამ ადამიანმა, ყველაზე უფრო ფასეული რაც გააჩნდა, აი ამ რეჟიმს და ამ ხელისუფლებას. მის აღიარებას, მის მიღწევებს ხომ ვერავინ წაართმევდა?!
– დღეს ყველა ამაზე საუბრობს, რომ დასამარდა ჩვენს ქვეყანაში განათლება.
– მთელი ტრაგედიაც ისაა, რომ განათლება ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა, სწორედ ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და კარგ მეცნიერს დაასამარებინა. ის რაც ჩხენკელმა არ თუ ვერ მოახერხა, თეა წულუკიანი შეეცდება, რომ წარმატებით გააკეთოს. მე კი ვეტყვი, რომ არ გამოვა არაფერი! თუკი უნდათ თავისუფალი აზრის დასამარება, თუკი წულუკიანს ამ სფეროში აგზავნის ივანიშვილი, როგორც სადამსჯელო ექსპედიციას, მე პირდაპირ ვეუბნები წულუკიანს, რომ თუ მას უწერია დამარცხება, ეს უწერია ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან! ამ უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის და შალვა ნუცუბიძის სული ტრიალებს და იმათთან შეჯახება თეა წულუკიანს კარგს არაფერს დამართებს! შეიძლება, ჯაბა სამუშიამ არ მოინდომოს უნივერსიტეტის ეგზეკუცია, მაგრამ თუ ამისი მცდელობა ექნებათ, ძალიან ცუდად დამთავრდება.
– ყველა სფეროში რომ სერიოზული პრობლემაა? ბოლო დღეების მოვლენებმა ეს კიდევ უფრო ცხადად გვაჩვენა. ვისმენთ შეფასებებს, რომ ჭაობში ვართ. რა გვეშველება და რა ხდება დღეს ჩვენს თავს?
– ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც დავთესეთ. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, არაფერი ამაში გასაოცარი და ალოგიკური არ არის. 30 წლის განმავლობაში რა ხნულიც ვავლეთ და ამ ხნულში რა თესლიც ჩავდეთ, ახლა მისი მომკა მიდის. როგორც ჩანს, ჩვენ ახლა ვართ გადამწყვეტ ფაზაში, რეალურად მივიღებთ თუ არა დამოუკიდებლობას. ქვეყანაში არ არის დიდი რესურსი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს, მაგრამ რა რესურსიც არის, მას აქვს დიდი პოტენციალი.
– ქალბატონო ლელა, სად არის ოპოზიცია? მხოლოდ ტელეეკრანებიდან უნდა იოხებდნენ გულს? მთელი ზაფხული ხომ ცხელ შემოდგომას გვპირდებოდნენ?
– 30 წელია, ეს ქვეყანა არის ელიტების შეთქმულების მსხვერპლი. გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ შემოქმედებითი და გნებავთ სამეცნიერო ელიტების შეთქმულების მსხვერპლი. შედეგიც სახეზე გვაქვს. ამიტომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, არის თუ არა კვლავ ელიტების დრო და ხომ არ უნდა გადავაფასოთ მათი როლი ამ საზოგადოებაში?! გამოუვალი მდგომარეობა კი არ არსებობს, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. შექმნილი ვითარება, უბრალოდ, უნდა მივიღოთ მოცემულობად და აქედან დავიწყოთ გამოსავლის ძიება. თუ კარგად გავახელთ თვალს, დავინახავთ, რომ ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ კარგი მოდელი წალენჯიხაში, თუ როგორია კოალიციური ერთობის მმართველობის შედეგები. რას ნიშნავს ერთიანობა, ერთსულოვნება და რას ნიშნავს მონდომება. მე ვფიქრობ, რომ ეს მოდელი მთელს ჩვენს ქვეყანაზე უნდა გავავრცელოთ.
– ისიც ვნახეთ, როგორ აშანტაჟებენ და უფეთქებენ ავტომობილს წალენჯიხის მერს.
– ისიც ხომ ყველამ ვნახეთ, როგორ არ შეეშინდა წალენჯიხის მერს?! ასე რომ, ისტორიული პროცესები წარმოაჩენენ უშიშარ ადამიანებს და მერე უშიშარი ადამიანები ქმნიან ისტორიულ მოცემულობებს. ასეთია დღეს ჩვენი რეალობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ წალენჯიხის მერივით უშიშარი ადამიანები ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ, რომლებსაც ვერ გატეხენ ვერც დაშინებით, ვერც მოსყიდვით, ვერც შანტაჟით და სხვა ტრიუკებით, რომელშიც ასე დაოსტატებულია ჩვენი ერთპიროვნული მმართველი!
– პოლიტიკაში ახალი სისხლია საჭიროო, გამოჩნდება ამის რესურსი?
– ჩვენი, ქართველების მთავარი პრობლემაა თვითორგანიზება. აი ახლა უნდა შევძლოთ, დავდგეთ ჩვენს თავზე მაღლა და შევძლოთ თვითორგანიზება. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხერხდება. მე მეღიმება, როდესაც უნივერსიტეტის პროცესებს ვაკვირდები, რადგან ზუსტად ვიცი, ეს როგორ შეიძლება განვითარდეს. მე მიკვირს, ჯაბა სამუშია რატომ ვერ გრძნობს იმას, თუ რა პროცესში შევიდა ახლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი ისტორიკოსია, მას დიდი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ამ ქვეყნის ისტორია გაეანალიზებინა. ასევე, ამ ისტორიაში უნივერსიტეტის როლი და მნიშვნელობა!
ნონა ცაბაძე