„გურიის მერე აღარ მინახავს ასე თითონ, სახლში გაეკეთებინოს ვინმეს ქორწილის სუფრა“ – ზურა შევარდნაძე

„გურიის მერე აღარ მინახავს ასე თითონ, სახლში გაეკეთებინოს ვინმეს ქორწილის სუფრა“ - ზურა შევარდნაძეზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ნინო კვაჭანტირაძე ჩემი მეგობარია. დღეს მისმა ერთადერთმა შვილმა ცოლი შეირთო და იქორწინა.
რა თქმა უნდა, სხვა რა შემიძლია სიხარულით დავუთმე ბაღი და ორანჟერეა წვეულებისთვის. აღარ მეგონა ასე თუ ხდება სადმე რის მომსწრეც უნებურად შევიქენი.
ბოლო ორი კვირაა ემზდება ნონო, შარშანდელი კაკალი დუშეთიდან ჩამოატანინა, ადრიანად დაამტვრია, დაამზადა, ურწყულიც თითონ გამოხადა ბაჟეზე და ნიგვზიანებზე მოსაწენწებლად. გოჭები აბაშიდან, ინდაურები ჩოხატაურიდან, ყველი საზანოდან, კალმახები ვაკიჯვრიდან, ბოსტნეული და ხილი თიანეთელებს ჩამოატანინა. სულთანჩიკები მულებს დააცხობინა, ხაჭაპურები რძლებს, ნამცხვრები და ტორტი ახალ მოყვრებს მიანდო.
დილიდან იყო რია რია ჩვენს სამზარეულოში, ფაშფაშა მეზობლები და თავგაკრული, ლოყებაწითლებული ბიცოლები ბზრიალებდნენ. იყო გადაძახილები, ხელის გულზე უწენწებდენ და ნაკეთებს უქებდნენ ერთმანეთს.
იყო ფრაზები ბავშვობის მერე რომ აღარ გამიგონია:
“მკტარს გააცოცხლებს მკტარს..”
“გუუჟდება ნიგოზი და საღამოს უკეთესი იქნება..”
“რაფერ ვიქნები 500 ბლინი გავახვიე და შევწვი?”
“არიქა მოდიენ არ მევიჯაყოთ, არიქა თქვენი იმედი მაქ ქალებო..”
“არიქა ქალებო და თქვენსას მე ვიცი..” ამისთანები ბევრი.
გურიის მერე აღარ მინახავს ასე თითონ, სახლში გაეკეთებინოს ვინმეს ქორწილის სუფრა, ასე გულიანად და გემრიელად. საღამოს გადაიცვა ატლასის ბრიალა კაბა და დახვდა სტუმრებს გაბრდღვიალებული.
მოვიდნენ ახალგაზრდები და დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივად, როგორც არის ხოლმე.
ნინო ბედნიერი გყავდეს შენი ბაღნები, გამრავლებული და გახარებული.”