იაგო ხვიჩია – „სახალხო დამცველად “ენჯეოშნიკი” კი არა, პოლიტიკოსი უნდა იყოს”

იაგო ხვიჩია - „სახალხო დამცველად "ენჯეოშნიკი" კი არა, პოლიტიკოსი უნდა იყოს"„ახალი თაობის კითხვებს იაგო ხვიჩია პასუხობს.

– იაგო, საზოგადოებამ იცის, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურა წარადგინეთ. რა პროცესი მიმდინარეობს ახლა პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით?
– ახლა ის პროცესია, როდესაც ე.წ. კომისიის წევრებმა უნდა შეაფასონ კანდიდატები. ფაქტობრივად ყველას სიებია შემოტანილი და ახლა პოლიტიკოსები არჩევენ, ვის დაუჭირონ მხარი ან ვინ წარადგინონ მათი სახელით სახალხო დამცველის კანდიდატად.
– ოპოზიციის ერთი ნაწილისგან ვისმენთ შეფასებებს, რომ თქვენ სახელისუფლებო კანდიდატი ხართ.
– ვინ თქვა ეგ?!
– არაერთმა ოპოზიციური პარტიის წევრმა.
– მე არ მომისმენია. ჩემმა კოლეგებმა, მგონი, ყველაზე კარგად იციან, რომ სახელისუფლებო კანდიდატი არა ვარ. მე, როგორც იურისტი, გეტყვით იმას, რომ ჩემგან იმის მტკიცება, რომ რაღაც არ ჩამიდენია, არის სასაცილო. მათ აქეთ უნდა დაამტკიცონ, რომ რაღაც ჩავიდინე. რომ გამოხვიდე და ამტკიცო, ქურდობა არ ჩაგიდენია, ეს აბსურდია. ვიღაცამ აქეთ უნდა გიმტკიცოს, რომ ქურდობა ჩაიდინე.
– ანუ, თუ ასეა, დაგიმტკიცონ, რომ ხელისუფლების კანდიდატი ხართ?
– აბა მე როგორ ვამტკიცო?! ყველა მიცნობს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერას სხვადასხვა პარტიისგან მივიღებ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მე არანაირი სახელისუფლებო კანდიდატი არა ვარ. ერთადერთი განსხვავებული კანდიდატი ვარ, რომელიც ამბობს იმას, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი მთლიანად უნდა შეიცვალოს და სახალხო დამცველად, “ენჯეოშნიკის” ნაცვლად, უნდა იყოს პოლიტიკოსი, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური თანამდებობა.
– გარდა ამისა, კიდევ რას სთავაზობთ განსხვავებულს საზოგადოებას, რის გამო უნდა დაგიჭირონ მხარი?
– დამთავრდება ადამიანების დაყოფა სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. ე.წ. იდენტობის პოლიტიკის ყველა გამოვლინება დამთავრდება და ადამიანებს თანაბრად დაიცავს სახალხო დამცველი სახელმწიფო სისტემისგან მომდინარე ძალადობისგან, მიუხედავად მათი სქესისა, კანისა, გენდერული იდენტობისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა. ასევე სახალხო დამცველის საქმიანობის უდიდესი ნაწილი გადავა სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესწავლაზე, მათთან საუბარსა და ზოგადად ბრძოლაზე იმისთვის, რომ ციხეში 10 ათასი პატიმრის ნაცვლად გვყავდეს მისი ნახევარი. ეს იქნება ცვლილება და კონკრეტული მიმართულება, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება.
– როგორია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება თქვენს კანდიდატურასთან დაკავშირებით?
– გულწრფელად გეტყვით, წარმოდგენა არა მაქვს. მე არ ვგრძნობ მათგან მხარდაჭერას. ამიტომ არასერიოზულად მიმაჩნია ის ხმები, რომ თითქოს სახელისუფლებო კანდიდატი ვარ. მე ვარ კანდიდატი, რომელიც ერთადერთია ამწუთას, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება იქნეს მიღწეული კონსენსუსი როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან. ევროპელი კოლეგები გვთხოვენ კონსენსუსურ კანდიდატს. სინამდვილეში, ამ პროცესის მთავარი ღირებულება ეს არის. გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ამრევები არიან. რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც ამას ილაპარაკებენ. ვინ ვისი კანდიდატია, ეს, მე მგონი, ჩემს შემთხვევაში, არაფერ შუაში არ არის. მე სულ სხვა იდეით მოვდივარ იქ და, ასეთი იდეით თუ სხვა კანდიდატი მოვა, მზად ვარ, მხარი დავუჭირო. თუმცა ასეთი იდეით იქ სხვა არავინაა.
– ბატონო იაგო, საზოგადოება ძალიან შეშფოთებულია და შიშს ვერ მალავს ამდენი რუსის შემოსვლასთან დაკავშირებით. უამრავი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. როგორ უნდა მოხერხდეს მათი აქ დასახლება, რა ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს ეს ყველაფერი? უამრავი კითხვა აქვს საზოგადოებას. ხომ არ არის დრო, ხელისუფლებამ გადახედოს სავიზო პოლიტიკას ან საზღვარი ჩაკეტოს?
– ჩემი აზრით, ჩვენ ამ ხალხს კარი უნდა გავუღოთ და ვასწავლოთ ქვეყნიდან წასასვლელი გზა. ტრანზიტის ფუნქცია უნდა შევასრულოთ, იმიტომ რომ, ადამიანი, რომელიც ომს გამოურბის, რა საფუძვლით, მნიშვნელობა არა აქვს, ვალდებულნი ვართ, ამ გასაჭირისგან ვიხსნათ. ამასთანავე, ახალ საზარბაზნე ხორცს ვარიდებთ უკრაინის მიწას, რადგან მათ იძულებით გააგზავნიან. ამიტომ, ჯობს, აქ შემოვიდნენ. ისინი ჩვენზე მდიდრები არიან, შესაბამისად, დიდხანს არ დარჩებიან ღარიბ ქვეყანაში. ჩვენ არ უნდა შევუქმნათ დაბრკოლება, პირიქით, გზა უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება ამ ქვეყნიდან გასვლა, როგორ უნდა მოიქცნენ, სანამ ამ ქვეყანაში არიან და არა ის, რომ შემოვიღოთ ვიზები და შეზღუდვები მათ წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, გაჭირვებულს უნდა დაეხმარო, რომელიც არასამართლიან ომს გამოურბის.
– რატომ არა აქვთ პროტესტი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ? ეს ამდენი ხალხი იქ რომ გამოსულიყო, შესაძლოა, სულ სხვა შედეგი დამდგარიყო. რომ გამორბიან, ამით რას შეცვლიან?
– ჯერ კიდევ 30 წლის წინ ჩვენს ქვეყანაშიც ტირანიაში უწევდა ხალხს ცხოვრება და ვერაფერს ხდებოდნენ მათ წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის დროს რომ გაქცეულიყვნენ, მათთვის უნდა მოეთხოვათ, რატომ არ ამხობ კომუნიზმსო?! მაშინ ეს არ იქნებოდა რელევანტური არგუმენტი. თუ მაშინ არ იქნებოდა, ვერც ახლა იქნება.
– ხომ არსებობს ლიმიტი? რამდენად გაუძლებს და რამდენს დაიტევს ეს ქვეყანა?
– მე მგონია, ჯერ არ დგას საკითხი ასე, რომ დატევაზე ვიყოთ. ვფიქრობ, რუსების უდიდესი ნაწილი ამ ქვეყანას სატრანზიტოდ იყენებს. სწორედ ამიტომ მოაწყდნენ საზღვარს. გამოიქცნენ რუსეთიდან, რომ მერე აქედან სადმე წავიდნენ. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ საგანგაშო მდგომარეობაა. როდესაც დავინახავთ. რომ მილიონი ადამიანი შემოვიდა საქართველოში, ცხადია, მაშინ სხვა სურათი გვექნება. მე არ მჯერა, რომ აქ ამდენი რუსი შემოვა. საუბარი მაქვს ეთნიკურ რუსზე, თორემ იქ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და სწორედ მათი დიდი ნაწილი ბრუნდება. ეთნიკურად ქართველის დაბრუნებას, პირიქით, უნდა მივესალმოთ. ის აზრი, რომ ეთნიკურად რუსები აქ კოლონიებად დასახლდებიან, უსაფუძვლოა.
– საზოგადოებაში არის შიში, რომ მალე რუსულენოვანი სკოლების გახსნასაც მოითხოვენ. ამ ყველაფერს არ იზიარებთ?
– არა. ეს ყველაფერი აბსურდია. საქართველოში თუ რუსი ავტომატით, ტანკით არ შემოდის, სტუმრად მოსულებმა, არა მგონია, ადგილობრივი ქართველების დაჩაგვრა შეძლონ.
– არ სჭირდებათ ტანკი და ავტომატი, ისე მოახერხებენ ჩვენს დაპყრობასა და ოკუპაციასო.
– კარგით, რა, არ მჯერა მაგისი. მე ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, ვიცი ქართველების დამოკიდებულება. არ მჯერა, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში რუსები დაგვჩაგრავენ, თუ ისინი ტანკითა და ავტომატით არ შემოდიან დასაპყრობად. ჩვეულებრივად მოსული რუსი რომ აქ ჩვენ დაგვჩაგრავს, მე მაგ სისულელის არ მჯერა! რაც შეეხება ტანკით შემოსვლას, ამისთვის რუსეთს არგუმენტი არასდროს სჭირდებოდა.
– ვისმენთ შეფასებებს, რომ ხელისუფლებას მკვეთრად რუსული პოლიტიკა აქვს არჩეული. კახა კალაძე რუსული პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერიაო. ამ ყველაფერზე რას იტყვით, ეს რამდენად აზიანებს ჩვენს ქვეყანას?
– მე არ ვიცი, მკვეთრად რუსული პოლიტიკა რას შეიძლება ნიშნავდეს, მაშინ როდესაც რუსეთი ასეთ მდგომარეობაშია. რა შეიძლება იყოს მკვეთრად პრორუსული, გარდა იმისა, რომ შეშინებული და შეშინებული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. შესაბამისად, ამ შეშინებული პოზიციის გამო მთლიანად ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ! ახლა რაც ხდება რუსეთის თავს, ვინმეს რატომ უნდა მოუნდეს, რომ მათ გვერდით იყოს?! მე არ მესმის ის, რაც ახლა ხდება და მგონია, რომ ეს არის შეშინებული ხალხის პოლიტიკა. მსოფლიოში სწორედ ასეთი პოზიცია გვიჭირავს. ეს პოზიცია რამდენ ხანს გაგრძელდება, ვერ გეტყვით. რუსეთის კატასტროფა კი ამ ომში ყველასათვის ცხადი იქნება. ამ პირობებში ჩვენ რა შანსი შემოგვრჩება დასავლეთთან ინტეგრაციის, ეს ჩემთვის არ არის ცნობილი. მე ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკას განვიხილავ და, კალაძე იქნება თუ სხვა, ასე სახელები და გვარები არ მაინტერესებს.
– რას იტყვით ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე? მთავარ ოპოზიციურ პარტიაში საკმაოდ ცუდი ამბებია. ჯერ კიდევ როდის ამბობდით, ეს პარტია უნდა დაიშალოსო. რა პროცესებთან გვაქვს საქმე?
– ნაცმოძრაობის დაშლის იდეა ნელ-ნელა პოლიტიკურმა სპექტრმა აიტაცა. უკვე სხვა პარტიებიც მოუწოდებენ ნაცმოძრაობას ამ მიმართულებით. დღეს სრულიად გაუგებარია, ნაცმოძრაობა რას და რატომ აკეთებს, საერთოდ რა პარტიაა, როგორ გადააფასეს წარსული და ასე შემდეგ. ჩვენთვის კი უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინ ვინ არის, გარკვეული იყოს შემდეგი არჩევნებისთვის.

ნონა ცაბაძე