„ივანიშვილმა ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა ჩაიფიქრა”

„ივანიშვილმა ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა ჩაიფიქრა"„ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ლაშა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ხელისუფლებასთან ერთად, რამდენად აკეთებს ყველაფერს ოპოზიცია?
– თავიდან ბოლომდე მთელი პასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებას ეკისრება. 30 წელია ამ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობაა. შესაბამისად, ამჯერადაც ამ პასუხისმგებლობას მხოლოდ “ქართული ოცნება” იღებს საკუთარ თავზე. თავად არ სურთ, რომ ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადაანაწილონ.
“ქართული ოცნება” რეალურად კი დაკავებულია არა 12 პუნქტის შესრულებით, არამედ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პუნქტები არ შესრულდეს.
– რატომ?
– არ შედის მათ ინტერესში ევროკავშირისკენ სვლა. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება არ არის ივანიშვილის ამოცანა. მისი ამოცანა არის საკუთარი ინტერესების დაცვა. საკუთარი მილიარდების დაცვა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყანას მართავს არა “ქართული ოცნება”, არამედ “რუსული ოცნება”. ავტორიტარული მმართველობა როდესაც არის ქვეყანაში, მას არავინ არ მისცემს ევროკავშირის წევრობის სტატუსს, ამაზე ოცნებაც კი ზედმეტია. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. მათი ყველა ნაბიჯი მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ ევროკავშირი და მისი კანდიდატობა.
– ეს ხომ მათ შეუქმნით პოლიტიკურ პრობლემებს, თუნდაც ქვეყნის შიგნით?
– ფიქრობენ, რომ ამასაც გადააგორებენ, როგორც სხვა რაღაცები გადააგორეს. მაგრამ ვერ თვლიან, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას 90% ევროკავშირი სურს და არავის ეს ხალხი ამ მიზნისკენ გადახვევას არ აპატიებს. ამის გამოხატულება იყო ასიათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა. ეს არ უნდა დაავიწყდეს არავის. თუ დაივიწყებენ, განაჩენსაც ეს ხალხი გამოუტანს.
ის, რაც ახლა ხდება, თითქოს რომ მუშაობენ ამ პუნქტების შესრულებაზე, თითქოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღებასაც რომ აპირებენ, სადაც ყველა შეიძლება მოიაზრო ოლიგარქად, გარდა ივანიშვილისა, მხოლოდ იმიტომ, რომ იმიტაცია შექმნან, როგორ მუშაობენ თავდავიწყებით სტატუსის მისაღებად. რეალურად კი ყველაფერს საპირისპიროს აკეთებენ.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომლის მიღებასაც აპირებენ, საერთოდ გაუგებარია ევროკავშირისთვის. ევროკავშირი ითხოვს ომბუდსმენის ასეთი წესით არჩევას ან სასამართლო რეფორმა ჩაატარეს თუ საარჩევნო კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილებები?! ფაფხურობენ, ვითომ აკეთებენ, სინამდვილეში კი საპირისპიროს აკეთებენ, რომ არ და ვერ გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
მთელი ეს პერიოდი მიეძღვნა ტრაგიკომიკურ მასკარადს, იმ ზღაპარს, რომლის არ სჯერა ბავშვსაც კი. ვგულისხმობ “ქართული ოცნებიდან” ოთხეულის გამოყოფას, რომელმაც თურმე ამერიკა უნდა ამხილოს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირს უნდა დაუწუნოს რეკომენდაციები. ყველაფერი, როგორც ჩანს, გეგმაზომიერად მიდის.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ამ ოთხეულს ფრაქცია შეუქმნეს პარლამენტში და ეს ხალხი აგრძელებს სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას. 30-50-იანი წლების ბოლშევიკებსაც კი შეშურდებოდათ, ისეთი ენერგიით ანგრევენ წლობით ნაშენებ პარტნიორულ ურთიერთობას ამერიკასთან. ყველაფერი მართლაც რომ გეგმაზომიერად მიდის სოზარისა და ხუნდაძეების ხელით. ამაშია მთელი უბედურება.
– პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ 2024 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნება” მათ ამ განაყოფთან კოალიციით მოვიდეს კიდევ ერთი ვადით ხელისუფლებაში. უშვებთ ამას?
– არაფერს არ გამოვრიცხავ, მათ შორის იმას, რომ ივანიშვილი ასეთ ფსევდოკოალიციას ამზადებდეს. არ არის გამორიცხული, რომ ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა განიზრახა. ამიტომ, საჭირო არის უფრო ფხიზლად იყოს ოპოზიციაც და ხალხიც. ოპოზიციამ სასწრაფო წესით უნდა დაიწყოს კონსულტაციები, მაგრამ კონსულტაციები არა პარლამენტის ბუფეტში, არამედ ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე. დრო არის დატოვონ პარლამენტი და ხალხს შეუერთდნენ, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.

ნათია ხურცილავა