ზურა შევარდნაძე: „იმ წელიწადს გასათხოვი ყველა გავათხუეთ, მოსაყვანებმა ყველამ მოიყვანეს, შვიდი ბიჭი შვილი გაჩნდა მარტო ჩვენს სანათესაოში“

ზურა შევარდნაძე: „იმ წელიწადს გასათხოვი ყველა გავათხუეთ, მოსაყვანებმა ყველამ მოიყვანეს, შვიდი ბიჭი შვილი გაჩნდა მარტო ჩვენს სანათესაოში“ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი ბავშვობისდროინდელ გურიაში ყველას სჯეროდა, რომ მერცხლების მოფრენას გაზაფხულზე მოაქ ოჯახიზა სიკეთე და ყორიფელი კაი. სახლზე მერცხალი რომ ბუდეს არ გეიკეთებს გლახას უნდა ელოდეს პატრონი.
ჩვენი შუშაბანდის სარაბახი და პარმაღის მესამე, მოღუნული ქილიში ქონდათ ამოჩემებული, აპრილის ბოლოსკენ გამოჩნდებოდენ, გულმოდგინედ მოზელდენ ტალახს და იწყებდენ ბუდის შენებას. ხან მეკირიები დაესხმებოდენ თავს, წაართმევდენ სიმწრით ნაშენებს, ბოლომდე ამოქოლავდენ და დაისაკუთრებდენ.
იმ წლის გაზაფხულზე ხარება დღეს გამოჩდნენ ,ძველი ბუდე შეაკეთეს და მალევე დაჩეკეს ექვსი ბარტყი, ყველა დაზარდეს და დააფრთიანეს.
ნაფერისცვალებევს გასაფრენად რომ ემზადებოდენ რატომღაც დედა მერცხალი ბუდეში რჩებოდა დღისით, იქიდან იმზირებოდა მოწყენილი. ბაბუამ თქვა რაცხა უჭირს თვარა ასე არ გაჩერდებოდაო, დავაკვირდით..
აკითხავდენ სხვა მერცხლები, ბუდეზე ჩამოუსხდებოდენ, იყო ერთი ჟივილი, ის კიდევ უფრო მოიწყენდა, ბოლოს ბუდეში მთლად ჩაიმალა, თავიც აღარ უჩანდა.
დადგა გაფრენის დღე, შეგროვდენ, მეზობლის სახლებიდან სხვა მერცხლებიც მოვიდნენ, ყველამ მოაკითხა იჟივლეს, იჟივლეს, უფრინეს ირგვლივ ჩვენს სახლს და ეზოს, ვერაფერს გახდნენ ან რა უნდა ექნათ, გაფრინდნენ.
ბაბუამ სკამი დაიდგა, ავიდა და ბუდიდან ფრთამოტეხილი, მარტო დარჩენილი დედა მერცხალი ჩამოიყვანა, მიმინოს ყავს გამონაქცევიო დაადგინა. მარტო ჩვენ ბავშვებმა კიარა დიდებმაც იდარდეს. ბებიამ უიღბლა დაარქვა და გვითხრა: “რა ოჯახი ვართ ნენა ამდენმა სულმა ერ ჩიტს თუ ვერ მივხედეთ და ვეპატრონეთ არხეინათ იყავით აფერს არ გუუჭივრეფო.”
იმ დღიდან ჩვენი, ბაღნების მთავარი საზრუნავი, სადარდებელი, სიხარული და მწუხარება მხოლოდ უიღბლა გახდა. ბებიამ კვერცხის ცილა და კუპრის საპონი ათქვიფა, ჩემს ძველ ფეხსაცმელს ენა ამოგლიჯა, თხელი ტყავი ფრთის ფორმაზე გამოჭრა და ნარეცხი მიტკალით არტაშანი დავადეთ მტკივან ფრთაზე უიღბლას. ბაბუამ მომცრო ყუთი შეჭედა, ფუჩეჩით, რბილი თივით გამოვუვსეთ და შიგ ჩავსვით. რძეში მოზელილი ჭადისგულის ბურთულებს ვაჭმევდით ერთხანს, ხან კვერცხისგულს ვუჩიტავდით. ორ კვირაში მოიკეთა, ძალა მოიკრიბა ფრთაც მოურჩა და შუშაბანდში გადავასახლეთ, კარების თავზე მივუმაგრეთ ყუთი. ფრთხილად გამოდიოდა, ფანჯრის რაფებზე შუშებთან შეგროვილ ბუზებზს დარაჯობდა.
დაზამთრდა, ჩამოთოვა საყორნია, ტოლების და ბახმაროს მთებიც ჩამოათეთრა. უიღბლა მთლად დასევდიანდა, უმეტეს დროს ყუთში ატარებდა მხოლოდ წყლის დასალევად თუ გამოვიდოდა, ერთი ორი სიცივისგან დარეტიანებული ბუზი ჰყოფნიდა მთელი დღე, რას არ ვთავაზობდით მაგრამ ჩვენი მოტანილი არაფერი უნდოდა, ძალიან შეგვეჩვია, აღარ გვიფრთხოდა.
გამარტებისკენ დღეები რომ დაგრძელდა, დათბა, გარეთაც დაიწყო სახლის ირგვლივ და ეზოში ფრენა. ტყემლები და ფრანგულა მსხლები რომ აყვავდა შუშაბანდი და ყუთი დატოვა, თავის ბუდეში გადასახლდა, ხალისიანი გახდა, ბუმბულიც გამოიცვალა.
ბევრი ემოციებიანი, სიხარულით, სიცილ-ყიჟინით მონატრებული ადამიანების შეხვედრა მინახავს ამ 45 წლის მანძილზე მაგრამ არც მანამდე და არც მერე იმის მსგავსი არაფერი როგორიც მერცხლების შეხვედრა იყო იმ წლის გაზაფხულზე… როგორ ჟიოდნენ, ყველანი როგორ ჟიოდნენ, როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს შუბლებით სასწაული და სასწაულზე მეტიც იყო ამის ნახვა. გვეჩვენებოდა ალბათ რომ ტიროდნენ კიდეც.
ოთხი ბარტყი გამოჩეკა და გაზარდა იმ წელს უიღბლამ, დააფრთიანა, ნაფერსცვალებევს დიდი მადლიერებით სამი წრე დაარყეს ჩვენს ოდასახლს და სხვა მერცხლებთან ერთად გაფრინდა.
გასათხოვი ყველა გავათხუეთ, მოსაყვანებმა ყველამ მოიყვანეს, შვიდი ბიჭი შვილი გაჩნდა მარტო ჩვენს სანათესაოში, თავიც არ წამოგვტკენია არცერთს, სულ ირიახო ურუახო ისმოდა ჩვენსას იმ წელიწადს.“