სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვათბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ „რუსთავი 2″-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას კერძო კომპანიის მანქანით სარგებლობის, ე.წ. პორშეს ეპიზოდის გამო მიუსაჯა პატიმრობა.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახა დამენიას დამნაშავედ ცნო 220-ე მუხლით და დააკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით. ამ გადაწყვეტილებით, სააპელაციომ  საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა.

ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ამ მუხლით პატიმრობა არავისთვის აქვთ მისჯილი.