„არაფერი მთელი აღარაა დარჩენილი” – „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლი დაარბიეს

„არაფერი მთელი აღარაა დარჩენილი" - „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლი დაარბიესოზურგეთში “TV PIRVELI-ის” კორესპონდენტის, ნატო გოგელიას საცხოვრებელი სახლი დაარბიეს. როგორც თავად ჟურნალისტი ამბობს, ეს ბოლო სამ დღეში მის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა.

ცნობილი ხდება, რომ გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ჟურნალისტის სახლში გუშინ შეიჭრნენ. დარბეულია საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ჩამსხვრეულია პირველი სართულის ფანჯრები, დაზიანებულია ავეჯი.

ნატო გოგელია ამბობს, რომ უცნობმა პირებმა სახლში ღირებული ნივთები დატოვეს და პირადი ნივთები წაიღეს.

„სამი დღის წინ სახლში არ ვიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ იყო გაქურდული. მოვედით, პოლიციასთან ერთად გავაღეთ. აღმოჩნდა, რომ წაღებული იყო ტელევიზორი, ანტენა, რესივერი და დაკარგული იყო მეხსიერების ბარათიც. ჩავთვალე, რომ რიგითი ქურდობა იყო, საქმე აღიძრა, ვიცოდი, რომ პოლიციაც პატრულირებდა. და დღეს რაც ვნახე – არაფერი მთელი აღარაა დარჩენილი. რაღაცის ძებნის შთაბეჭდილებას ტოვებს. ვერ მივხვდი უთოს მხოლოდ სადენი მიაჭრა და დატოვო უთო და შესაერთებელი, რისთვის დასჭირდათ მხოლოდ უთოზე მოხსნილი კაბელები. არის კიდევ ისეთი ნივთები წაღებული, რაც მხოლოდ მე მეკუთვნის და უცნაურია ამის დაკარგვაც. ღირებული რაც იყო სახლში ის დატოვებულია, მაგრამ სახლი თქვენც ხედავთ როგორც არის. იქიდან გამომდინბარე, რომ 3 დღის წინ მოხდა ქურდობა და აქ იყო კინოლოგები, პოლიცია და ექსპერტები და ოფიციალურად საქმე იყო აღძრული და ამ დროს ესეთი ამბავი ხდება, ლოგიკურად ეჭვები არის. თან ღირებულს რომ დატოვებ და ყველაფერს გადააბრუნებ, დალეწავ, დაყრი, უთოზე კაბელს მოხსნი და პირად ნივთებს წაიღებ, ლოგიკური ეჭვები არის, დაველოდები პოლიციას”,- ამბობს ნატო გოგელია.