გერმანიის „ცაითენვენდე“ (Zeitenwende)  – პერსპექტივა „ლისაბონიდან თბილისამდე“?

გერმანიის „ცაითენვენდე“ (Zeitenwende)  - პერსპექტივა „ლისაბონიდან თბილისამდე“?ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიქვა როგორც დამოუკიდებელ უკრაინაზე თავდასხმა და არა როგორც ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია,“ რომლის პროპაგანდასაც კრემლი წარუმატებლად შეეცადა ომის პირველ დღეებში.

მეტიც, სუვერენული უკრაინის საერთაშორისოდ აღაირებული საზღვრების დარღვევით რუსეთი წარმოჩნდა როგორც ევროპული უსაფრთხოების მთავარი აგრესორი ოცდამეერთე საუკუნეში.

რუსეთის აგრესიამ უბიძგა როგორც მთლიანად ევროკავშირს, ისე მის ცალკეულ წევრ-სახელმწიფოებს, გადაეხედათ მანამდე ათწლეულობით დამკვიდრებული მშვიდობიანი თანაარსებობის უკვე უპერსპექტივოდ ქცეული შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციასთან, განსაკუთრებით უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

2022 წლის 27 თებერვალს გერმანიამ, როგორც ევროკავშირის სამხედრო-პოლიტიკურად ყველაზე მძიმეწონიანმა და ფინანსურ-ეკონომიკურად ყველაზე მსხვილმა წევრ-სახელმწიფომ, ფედერალური მთავრობის ინიციატივით გამოცხადებულ ახალ დოქტრინას უწოდა „ცაითენვენდე“ (Zeitenwende , ქართულად : „ეპოქის შეცვლა“), რომელმაც იმავე დღეს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მრავალპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა როგორც გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში, ისე მომდევნო დღეებში ევროკავშირის მასშტაბით.

„ცაითენვენდეს“ სამხედრო-პოლიტიკურ და ფინანსურ-ეკონომიკურ ასპექტებზე სასაუბროდ ჩვენი სტუმარია გერმანიის ქრისიტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, „The Economist Intelligence Unit“ (EIU) რედაქციის, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების კვლევითი ინსტიტუტის, ჰესენის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევითი ფონდის,  შტუტგარტის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, კონსულტანტი და ექსპერტი არჩილ იაკობაშვილი.

– რამდენად ადეკვატურ პასუხს წარმოადგენს გერმანიისთვის „ცაითენვენდეს“ გამოცხადება უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე როგორც დროში, ისე სამხედრო-პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ?

– გერმანიის ახალი საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა „ცაითენვენდე რუსეთის მიმართ“ გულისხმობს არა უბრალოდ გადახედვას, არამედ წერტილის დასმას ე.წ. შერიგების პოლიტიკისთვის, რომელიც აშშ-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით 1970-იან წლებში გერმანიამ წამოიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირთან, ხოლო შემდეგ 1990 წლიდან საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციასთან.

მეორე მსოფლიო ომის შედეგებიდან გამომდინარე შერიგების მცდელობა მოიცავდა ერთის მხრივ ენერგეტიკულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ფინანსურ ურთიერთობებს, ხოლო მეორე მხრივ გულისხმობდა კრიტიკულ დიალოგს დემოკრატიასთან, ადამიანთა უფლებების დაცვასთან და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებით.

„ცაითენვენდეს“ გამოცხადებით გერმანიამ აღიარა რუსეთთან შერიგების უშედეგოდ დასრულების მწარე სიმართლე, რითაც ცდილობს საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ევროკავშირში საკუთარი იმიჯის ნიველირებას.

ფაქტია, რომ არ გაამართლა „რუსეთის გამგების“ როლმა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ნატოს წევრმა გერმანიამ მოირგო საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუნდაც ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით.

რეგიონალური მნიშნველობის მიუხედავად, ზოგადად, მცდარია იმის აღქმა, რომ მერსედესის, პორშეს და ბოშის მწარმოებელ ერს აუცილებლად უნდა გააჩნდეს მსოფლიო გეოპოლიტიკური ამბიცია.

თანამედროვე გერმანია წარმოადგენს პლანეტის მტკაველს, რომელიც თავისი 350 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობით თითქმის იმის ნახევარია, რაც იყო მის მიერვე წამოწყებულ მეორე მსოფლიო ომამდე, მესამედი – პირველ მსოფლიო ომამდე პერიოდის და მეოთხედი ე.წ. „ვენის კონგრესამდე“ არსებული ე.წ. „გერმანული ერების რომის საღვთო კავშირის.“

რეგიონალურ-ევროპული გავლენა არ არის საკმარისი, ხოლო მსოფლიო გეოპოლიტიკური ამბიციის გარეშე რუსეთთან სუბსიდარულ პრინციპებზე ურთიერთობის აგების მოლოდინი იყო ილუზორული.

მიუხედავად იმისა, რომ იმიჯის აღდგენას, ჩემი აზრით, ერთი ან შეიძლება ორი ათწლეულიც დასჭირდეს, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ გერმანია, როგორც ევროკავშირის მთავარი, წამყვანი და ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე წევრ-სახელმწიფო დასავლურ ღირებულებებს არასოდეს უღალატებდა, რომლის არჩევანის წინაშეც ის რუსეთმა დააყენა უკრაინაზე თავდასხმით.

ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში გერმანიამ უმტკივნეულოდ შეძლო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულობის განულება და, თავად ევროკავშირის შიგნით გარკვეული უთანხმოებების მიუხედავად, გერმანია დღეს მოწინავეა უკრაინისადმი უპირველესად ჰუმანიტარულ, მნიშვნელოვნად ფინანსურ და აგრეთვე ზომიერად სამხედრო მხარდაჭერაში.

– რას ნიშნავს „ცაითენვენდე“ ევროკავშირისთვის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესში, რამდენად რეალისტურია საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და არსებობს თუ არა დროითი ან სივრცითი კრიტერიუმები, რომლებიც ხელს შეუწყობდა აღნიშნული პერსპექტივის სისრულეში რეალიზაციას ?

ფორმულა „ლისაბონიდან თბილისამდე“ , რომლის ავტორი არის არც მეტი არც ნაკლები გერმანიის მოქმედი ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი, ნათლად გამოხატავს, რომ შესაბამისი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში საქართველოს ნამდვილად აქვს თანმიმდევრულად ჯერ კანდიდატის სტატუსის, ხოლო შემდეგ მოლაპარაკებების სტატუსის და ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა – ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ბერლინის „ცაითენვენდე“ არამხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ რუსეთის მეზობელი იმ ქვეყნების სასარგებლოდ, რომელთა სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება სწორედ რუსეთის მხრიდან.

ჩემი აზრით, აქ ყველაზე მთავარი დროის ფაქტორია, რაც პოტენციურ ქვეყნებს გასაგები მიზეზების გამო ნეიტრალური მანევრების შესაძლებლობას აღარ უტოვებს, არამედ დროული არჩევანია გასაკეთებელი ან რუსეთის გვერდით, ან რუსეთის წინააღმდეგ.

საქმე იმაშია, რომ არამხოლოდ ევროპამ გამოაცხადა „ცაითენვენდე“, არამედ რუსეთმაც დაიწყო ე.წ. რკინის ფარდის დაშვება.

მე-20 საუკუნის ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ევროპისგანაც იქნება მდუმარე თანხმობა რკინის ფარდის დაშვებაზე, მით უფრო, თუ რკინის ფარდა რუსეთის ინიციატივაა.

სამხედრო-პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერით ევროპა მიისწრაფვის იმისკენ, რომ უკრაინა თავის რიგებში მოაქციოს, ე.ი. რკინის ფარდის დასავლეთ მხარეს.

უკრაინისგან განსხვავებით, ფარდის მხარის არჩევაში საქართველო აბსოლუტურად თავისუფალია, რაზეც, ჩემი აზრით, ნეიტრალიტეტი არის ყველაზე არაადექვატური და ანტიდასავლური პასუხი.

ნეიტრალიტეტზე ორიენტაცია ნიშნავს საკუთარი ქვეყნის შეიძლება არა ფარდის აღმოსავლეთით, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფარდის ქვეშ მოქცევას, რომლის ფოჩები არც ისე მსუბუქია, არამედ პირიქით მძიმეა როგორც რუსეთში ჩამოსხმული ურო და ნამგალი.

როგორც გასულ საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებებმა აჩვენა (1948 წელს ვარშავის აჯანყების ჩახშობა, 1953 წელს ბერლინის, 1956 წელს ბუდაპეშტის, 1968 წელს პრაღის, 1977 წელს ვარშავის და 1988 წელს ბუქარესტის მოვლენები), რუსეთში დამზადებული რკინის ფარდის ფოჩები ალესილ ნამგალზე მტკივნეულია.

– რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ „ცაითენვენდეს“ საპირისპიროდ რუსეთი მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარებით არ დაკმაყოფილდა, და ამის ნაცვლად მიზნად დაისახა მთელი უკრაინის ანექსია, კიევის აღება, ე.წ. „რეჟიმის შეცვლა“ და დღემდე ამ მიზნების განხორციელებას ცდილობს ?

რუსეთის მიზანია, უკრაინის არა მხოლოდ მნიშვნელოვნად დაპატარავება, არამედ მისი სახელმწიფოებრიობის დასრულება – ყველა შემთხვევაში უკრაინის აოხრება, სრულად ჩახსნა შავი ზღვისგან, რაც აღმოსავლეთის და სამხრეთის სრულად რუსეთის ფედერაციაში მიტაცებით არის შესაძლებელი.

ხოლო ამ მიზნების მისაღწევად უკრაინის მოქმედი კანონიერი ხელისუფლების შეცვლა, რასაც პუტინი და ლავროვი უტიფრად „რეჟიმის შეცვლას“ უწოდებენ, მხოლოდ საშუალებას წარმოადგენს.

ჯერ კიდევ 2022 წლის 14 თებერვალს, ე.ი. უკრაინაზე თავდასხმამდე 10 დღით ადრე,  რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ორი საათის განმავლობაში განიხილავდნენ უკრაინის დაყოფის გეგმას, რამაც გამოაფხიზლა დასავლეთი, რომ რუსეთი უფრო მასშტაბური ომისთვის ემზადებოდა, ვიდრე მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის აღიარება.

– ვინმეს სჯერა, რომ რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მსგავს საინფორმაციო პროპაგანდას კრემლის გარეშე განახორციელებდა?

2022 წლის 21 თებერვალს, ე.ი. ომის დაწყებამდე 3 დღით ადრე, ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომლის ტრანსლაციის ანალოგი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ყურადსაღები იყო ლავროვის ფრაზა „გარკვეული ტერიტორიები უკრაინას არ სჭირდება და ჩვენ უკეთ ვიცით ამის შესახებო,“ რაც დასავლეთისთვის შეიცავდა განმეორებით მესიჯს, რომ „რუსეთი არ ხუმრობს.“

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტებს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არა მხოლოდ დიპლომატების დონეზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს რუსეთთან, არამედ საგარეო დაზვერვის სამსახურები ადგილებზე მუშაობდნენ (მაგალითად: ამერიკული CIA-ს ვიცე-შეფმა 2022 წლის 22 თებერვალს დატოვა მოსკოვი, გერმანული BND-ს შეფმა 25 თებერვალს დატოვა კიევი, ხოლო ინგლისური DIS-ს შეფს ვარშავაში ფაქტიურად  მეორე ოფისი ჰქონდა გახსნილი), მივდივართ იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ არა სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია, არამედ ხანგრძლივად ფართომასშტაბიანი და რაც მთავარია დამქანცველი ომი თავიდანვე წარმოადგენდა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მიზანს.

– რუსეთში უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი პუტინი, რომელიც საბოლოოდ პასუხისმგებელია ომის დაწყებაზე – ასეთია დასავლეთის აზრი და არც თავად უარყოფს. უკავშირდება რუსეთის დამპყრობლური ქმედებები მხოლოდ უკრაინისადმი ინტერესს, თუ დასავლეთთან კონფრონტაცია აქვს დღის წესრიგში  ?

დასავლეთი სამართლიანად უწოდებს „პუტინის ომს“ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, მაგრამ უკრაინის ტერიტორია წარმოადგენს ყველაზე მთავარ არეალს დასავლეთის შანტაჟისთვის, რის გამოც უკრაინისადმი ინტერესი და დასავლეთთან კონფრონტაცია აბსოლუტურად თავსებადი კომპონენტებია რუსეთის  გეოპოლიტიკაში.

ჩემი აზრით, სამი ძირითადმა მიზეზმა განაპირობა, რომლებმაც პუტინს უბიძგეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ ომის დაწყების სასარგებლოდ:

პირველი მიზეზი გამომდინარეობდა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების პირადი მიზნისგან, რაც ყველაზე კარგად გამოჩნდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მორგებით, რომელიც 2019 წელს მოხდა, და აღარაფერი უშლის ხელს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, პუტინს უკვე 2022 წელს სურდა პირობების და სურათის შექმნა იმისთვის, რომ 2024 წლიდან მისი ხელისუფლებაში დარჩენა ეფუძნება გუნდურ გადაწყვეტილებას, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს რუსეთის საზოგადოების უმრავლესობით.

სხვათაშორის, ამ მიზანთან თავსებადია უკრაინასთან ომის ფართომასშტაბიანობა და გრძელვადიანობა, 2024 წლამდეც კი.

მეორე მიზეზი, ჩემი აზრით, უკავშირდებოდა 2018-2021 წლებში დასავლეთის ქვეყნებში მომხდარი სამთავრობო ცვლილებებს (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს, იტალიის და ბოლოს გერმანიის არჩევნების შედეგები), რომლებზეც წინა წლებისგან 2010-2018 განსხვავებით მან გავლენა ვეღარ მოახდინა. შესაბამისად, უკრაინასთან ომის დაწყება მას სჭირდებოდა დასავლეთთან კონფრონტაციის ახალი ეტაპისთვის.

მესამე მიზეზი უნდა გამომდინარეობდეს ლოგიკური მოლოდინისგან, რომ ადრე თუ გვიან უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დადებითად გადწყდება.

უკრაინამ, სადაც უკვე მესამედ მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით, დემოკრატიის იმ მინიმალურ დონეს მიაღწია, რომელიც ობიექტურ საფუძველს აძლევს ალიანსს, გარკვეული პირობებით უკრაინის ალიანსში გაწევრიანება განიხილონ, რასაც პუტინი წითელ ხაზად განიხილავს დასავლეთთან ურთიერთობებში.

დემოკრატიის კრიტერიუმით 2022 უკრაინა დაახლოებით იმ დონეზე იყო, როგორც 2003-2004 წლებში დაახლოებით იყო ლატვია, რის საფუძველზეც ნატომ ლატვია თავის რიგებში მიიწვია.

უკრაინაში ტარდება ადგილობრივი არჩევნები და 2015 წლიდან ევროსაბჭო ხაზს უსვამს თვითმმართველობის გაძლიერებას, პარლამენტი მრავალპარტიულია და პოლიტიკური სივრცე ისეა გაჯერებული, რომ მოსახლეობისათვის მოქმედი ხელისუფლების ან მთავრობის ალტერნატივა პროდასავლურ ოპოზიციაში მოიძებნება.

დემოკრატიის და თვითმყოფადობის კუთხით ასეთ დინამიკას რუსეთი, ყირიმის ანექსიის და დონბასის ნაწილის ოკუპაციის ფონზე, უკრაინისგან არ ელოდა და ამიტომ ფართომასშტაბიანი ომის წამოწყებით მისი შემდგომი დასჯა გადაწყვიტა.

– როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დასავლეთთან დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან გაცემული დაპირების დარღვევას. მართლაც, „გადააგდო“ თუ არა ნატომ რუსეთი, ან არ შეასრულა გაცემული დაპირება, რის გამოც რუსეთი იძულებული გახდა, თავისი გადასახედიდან წასულიყო  უკიდურეს ნაბიჯებზე?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ რუსეთთან ნატომ 1992 წელს გააფორმა შეთანხმება „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (ე.წ. PFP), ხოლო 1997 წელს ე.წ. პარიზის „აქტი ურთიერთთანამშრომლობის საფუძვლების შესახებ.“

შესაბამისად, 2007 წლამდე ნატო და რუსეთი პარტნიორებად მიიჩნევდნენ ერთმანეთს, სანამ პუტინმა მუნხენის კონფერენციაზე ცნობილი გამოსვლით წყალში არ ჩაყარა მანამდე მიღწეული საკმაოდ კრიტიკული და დაუბალანსებელი, მაგრამ მაინც ნაყოფიერი თანამშრომლობა, როგორიც იყო მაგალითად ავღანეთის საკითხი, ირანის საკითხი, ჩრდ. კორეის საკითხიც და ა.შ.

1997 წლის აქტით  (Fundamental Act Russia – NATO), პირიქით, რუსეთი ეთანხმება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, თუ რუსეთის საზღვრიდან 2000 კილომეტრის დისტანციაზე ნატო ატომურ ბომბებს არ განალაგებს.

აი, მხოლოდ ეს პირობა აქვს ნატოს რუსეთისთვის წერილობით მიცემული, რომელიც არასოდეს დაურღვევია.

სხვა არავითარი წერილობითი შეთანხმება არ არსებობს და მით უფრო საიდუმლო გრიფის ქვეშ, რომლის მიხედვით ნატო აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს ამბობდეს ან მსგავსი დაპირება მიეცეს რუსეთისთვის, როგორც ამას პუტინი და ლავროვი ახლა იგონებენ.

ე.წ. 4+2 ფორმატში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია, გფრ, გდრ), რომლითაც 1990 წლის სექტემბერში ხელმოწერილი შეთანხმება საფუძვლად უდევს გერმანიის გაერთიანებას, უფრო სწორედ გდრ-ის სრულად ინკორპორაციას გფრ-ში, და შეთანხმების მე-12 მუხლი ითვალისწინებს გაერთიანებული გერმანიის ნატოში დარჩენას, მხოლოდ სიტყვიერად დაპირდა ნატო სსრკ-ს, მაგრამ არა რუსეთის ფედერაციას, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოებისგან ხელს აიღებდა – მხოლოდ სიტყვიერად.

მიუხედავად ამისა, 1990-1991 წლებში ბევრი რამ შეიცვალა – კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მოიპოვეს თავისუფლება, დაიშალა ვარშავის პაქტი და, რაც მთავარია, დაიშალა საბჭოთა კავშირი.

შესაბამისად, მომდევნო წლებში ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება თავად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა წამოწიეს საკუთარ პრიორიტეტად, რასაც გორბაჩოვისა და შევარდნაძისათვის 1987-1990 წლებში, ე.ი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე მიცემული მხოლოდ სიტყვიერი დაპირება ვეღარ შეაკავებდა.

– როგორი განვითარებაა მოსალოდნელი უახლოეს მომავალში, დაკმაყოფილდება დასავლეთი მხოლოდ იარაღის მიწოდებით, აქვს თუ არა კიდევ შანსი დიპლომატიას და რაზე იქნება დამოკიდებული, რომ უკრაინის სახელმწიფო გადარჩეს ?

რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინას აქვს არჩევანი განადგურებასა და გადარჩენას შორის, რაც დასავლეთმა ომის დასაწყისშივე გააცნობიერა.

რა თქმა უნდა, „ერთი წუთით სროლას ერთი წლით მოლაპარაკებები სჯობს,“ როგორც ამას ხატოვნად ამბობდა კონრად ადენაუერი.

მაგრამ 2022 წლის თებერვალში გასროლა შედგა რუსეთის მიერ, რუსეთ-უკრაინის ომი უკვე შევიდა მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოებში და გახდა წაუშლელი მოცემულობა.

რა სლავურ ან მართლმადიდებლურ ძმობაზეა საერთოდ საუბარი, როცა რუსეთმა კიდევ ერთხელ დაღვარა უკრაინის სისხლი, მაგრამ თავად დაიმატა ჩირქი ხელებზე.

შესაბამისად, მხარეებს ხელის ჩამორთმევა ალბათ ათწლეულობით გაუჭირდებათ.

ვფიქრობ, „პუტინის ომი“ მსოფლიოს ისტორიაში შეფასდება როგორც ახირებული და წარსულში ჩარჩენილი მარტოკაცის ავანტურა, როგორც „საბჭოთა კავშირის აღდგენის“ რევიზიონისტული, დილეტანტური და საბოლოოდ უშედეგო მცდელობა.

დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ დაწესებული ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების სამხედრო-პოლიტიკური მიზნები სწორედ პუტინის რეჟიმის დასრულებას უკავშირდება.

აღნიშნულის საპირისპიროდ, უპირველესად დასავლეთის მხარდაჭერით, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თავად უკრაინა შეძლებს თავის დაცვას, რადგან მას დაესხნენ თავს და არა პირიქით.

დასავლეთი ომში არ ჩაერთვება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ თავის დაცვაში ღირსეულად წარმოაჩინოს საკუთარი თავი.

ოპტიმისტური პროგნოზით, თუ უკრაინა არ დაიღლება თავდაცვით, მას დაუფასდება არა მხოლოდ როგორც საკუთარი თავის, არამედ ევროპის გადარჩენა  რუსეთისგან, რომლის სანაცვლოდ ჯილდოდ ნატოს და ევროკავშირის, და ამით დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი გახდება.