„არაყი წაიღეს, სათიბი, დრელე, დრუჟბა, ტელევიზორი” – ქურდობების სერია კახეთში

„არაყი წაიღეს, სათიბი, დრელე, დრუჟბა, ტელევიზორი" - ქურდობების სერია კახეთშიმასობრივი ქურდობის სერია კახეთში – ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა საცხოვრებელი სახლები გატეხეს. წაღებულია საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, ავეჯი და ალკოჰოლური სასმელები.

ადგილობრივების ცნობით, ძირითადად გაქურდეს ის სახლები, რომელთა მეპატრონეები სხვაგან ცხოვრობენ. მასობრივი ქურდობა სოფელ შილდაში დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა.

მოსახლეობა ქურდების ვინაობის დადგენას ამ დრომდე ითხოვს.

„არაყი წაიღეს, სათიბი, დრელე, დრუჟბა, ტელევიზორი წაიღეს, თუ რამე იყო სახლში. როგორც ჩანს, ერთი ჯგუფია, დადის და… კრიმინალურიც იყო, მაგრამ ვერ იგებენ. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. ნახევარი სოფელი საზღვარგარეთაა გაქცეული, ბევრი სახლია დაკეტილი. იმ დაკეტილებში შედიან”, – ყვება შილდაში მცხოვრები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქურდობას სისტემური ხასიათი აქვს, რაც მათ დაუცველობის განცდას უმძფრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებაში იმასაც აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ერთი ბინის გატეხვაზე აქვთ ოფიციალური ინფორმაცია.