„ყველაფერი იწყება ღრმა ბავშვობიდან, როცა ყველას შეუძლია პატარა ბავშვი ხელში აიყვანოს, მოეფეროს, აკოცოს…“ – ცვატა ბერძენიშვილი

„ყველაფერი იწყება ღრმა ბავშვობიდან, როცა ყველას შეუძლია პატარა ბავშვი ხელში აიყვანოს, მოეფეროს, აკოცოს...“ - ცვატა ბერძენიშვილიფსიქოლოგი ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ყველაფერი იწყება ღრმა ბავშვობიდან, როდესაც ყველას, ვისაც არ ეზარება და მოუნდება, შეუძლია პატარა ბავშვი ხელში აიყვანოს, მოეფეროს, აკოცოს, ჩაჯუჯღნოს, ლოყები დაუწელოს და ეს ქცევა ნორმალიზებულია. მესმის, რომ ამ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას (შეიძლება 100%-საც კი) კეთილი ზრახვები აქვს, მაგრამ შედეგი უარყოფითია – ბავშვი სწავლობს, რომ თუ უცნობი ადამიანი ეხუტება და ეფერება, ეს ნორმაა.

მეტიც – თუკი უცხო ადამიანი გამოელაპარაკება ბავშვს, გაუცინებს, კანფეტს აჩუქებს, მოფერებას ეცდება და ბავშვი პასუხს არ სცემს და გარიდებას ცდილობს, ბავშვს არცხვენს საზოგადოება და უზრდელს ეძახის.

უკვე გაზრდილ ადამიანებს ვეღარ აღვზრდით და ჩვენს შვილებს მაინც ვასწავლოთ, რომ არ უნდა დაელაპარაკონ უცხო ადამიანს, არ ჩაეხუტონ, არ მისცენ მოფერების უფლება და ეს უზრდელობა არ არის! პირიქით, ის ადამიანია უზრდელი, რომელიც უცერემონიოდ ლოყაზე გწვდება და თავზე ხელს გადაგისვამს. აბა თქვენს თავზე წარმოიდგინეთ იგივე – ზრდასრულ ადამიანს რომ მოგექცნენ ასე, რას იფიქრებდით და იზამდით? ჰოდა, ბავშვზე რატომ უნდა იყოს სხვანაირად?

პ.ს. მე არ ვიცი დღევანდელი ტრაგედიის დეტალები – რაც ზემოთ მიწერია, ზოგადია და ყველა სიტუაციას მიემართება. ამ ტრაგედიის გარეშეც იმავეს დავწერდი“.