გიორგი ვაშაძე – „ლილუაშვილს, შს მინისტრს ვეუბნები, ფეხებს ვერ მომჭამთ“

გიორგი ვაშაძე - „ლილუაშვილს, შს მინისტრს ვეუბნები, ფეხებს ვერ მომჭამთ“პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში საგანგებო განცხადება გააკეთა და ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ისაუბრა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ეს არის მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია, მისი და მისი ძმის წინააღმდეგ.

ვაშაძემ თქვა, რომ მას ან მის გარემოცვას რომ რაიმე კავშირი ჰქონდეს თაღლითურ სქემებთან ამ დრომდე დააკავებდნენ.

„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გამსვარონ მე, ჩემი ძმა და ეს არის 100%-იანი ტყუილი. ქოლ-ცენტრების უკან თუ ვინმე დგას საქართველოში ეს არის რუსული ოცნება, რომელიც თავიდან ბოლომდე ამ ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემით ფინანსდება, რომელსაც მფარველობენ სუს-ის, შსს, პროკურატურის პირველი პირები… პირდაპირ ეთერში ვეუბნები მათ, ყველა დამნაშავე, ვინც ხელს ითბობთ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ვინც საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია შებღალა, ყველას მოგიწევთ პასუხისგება”, – თქვა ვაშაძემ.
ამავე ბრიფინგზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ აპირებს კონტაქტზე გავიდეს გერმანელ სამართალდამცველებთან, რათა ყველა ინფორმაცია, რის მოპოვებასაც შეძლებს, მიაწოდოს.

„ყველა ჩემს კონტაქტს ევროკავშირში, გამოვიყენებ იმისთვის ეს კრიმინალები მისცენ პასუხისგებაში. ხაზგასმით ვამბობ, ქოლ-ცენტრების უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები: ლილუაშვილს, შს მინისტრს ვეუბნები, მთავარ პროკურორს ვეუბნები – ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში”,- თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამართალდამცველებმა აღმაშენებლის გამზირზე სავარაუდოდ ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიციელები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. პოლიციელებმა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე ერთი ოფისი და მესამე სართული მთლიანად დალუქეს.