„ახალი თაობის“ კითხვებს პარლამენტის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პასუხობს.
– ბატონო პაატა, ვისმენთ შეფასებებს, რომ ხელისუფლება სერიოზულ შეტევაზე გადავიდა. თქვენთვისაც ცნობილია, როგორი აჟიოტაჟია ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ „ოცნებას“ მიზანმიმართულად გადააქვს ისრები ოპოზიციისკენ. რა ხდება გიორგი ვაშაძის ძმასთან დაკავშირებით? ასევე გაიჟღერა არახამიას გვარმაც. რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
– ეს არის მიზანმიმართული სუს-ის სპეცოპერაცია, რომ წლების განმავლობაში ევროპელი პენსიონერების თავის მიერ ორგანიზებული ძარცვა გადაფაროს და შექმნას ილუზია, თითქოს ოპოზიცია არის ამ საქმესთან კავშირში. ყოველ შემთხვევაში, “სტრატეგია აღმაშენებელს”, ალბათ გაგიგიათ, ხშირად არის საუბარი, რომ სამართალდამცავებმა ჩაუდეს ნარკოტიკი, ჩაუდეს იარაღი, მაგრამ, აი, ქოლცენტრი ჩაგიდეს, ასეთ რამეს მართლა ვერ წარმოვიდგენდი. თქვენ იცით, წინა დღეს, სანამ შევიდოდნენ და დალუქავდნენ კონკრეტულ ფართს, რომელთანაც გიორგი ვაშაძის ძმას არანაირი შეხება არა აქვს, ეს, უბრალოდ, მიმდებარე ფართია და მიმდებარე შენობაა, „ქართული ოცნების“ ათასლარიანმა ექსპერტმა, სალუქვაძემ, თქვა, რომ მას აქვს ინფორმაცია, თითქოს გიორგი ვაშაძესა და დავით არახამიას აქვთ ქოლცენტრი. ამის მერე დაიწყო ყველაფერი.
– ჯერ შეამზადეს საზოგადოება?
– დიახ, ჯერ საინფორმაციო მომზადება გააკეთეს და შემდეგ ამას მოჰყვა „ქართული ოცნების“ ეს დაგეგმილი სპეცოპერაცია და პროპაგანდა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჯერ საგამოძიებო სამსახურსაც არ უთქვამს არაფერი. მათ თქვეს, რომ ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე დალუქეს, მაგრამ, რა ამოიღეს და რა მტკიცებულებები დახვდათ იქ, ჩვენ ჯერ არ ვიცით.
ალბათ გაგიგიათ, ხშირად არის საუბარი, რომ სამართალდამცავებმა ჩაუდეს ნარკოტიკი, ჩაუდეს იარაღი, მაგრამ, აი, ქოლცენტრი ჩაგიდეს, ასეთ რამეს მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ამ შემთხვევაში გიორგი ვაშაძეს კი არ ჩაუდეს ეს ქოლცენტრი, არც მის ძმას, არამედ – მის სავარაუდო პარტნიორს.