სინგაპური თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად ქალის სიკვდილით დასჯას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Transformative Justice Collective ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, მიმდინარე კვირას სინგაპურში ორი ადამიანის სიკვდილით დასჯაა დაგეგმილი – დღეს, 26 ივლისსა და პარასკევს, 28 ივლისს. ორივე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის 2018 წელსაა ნასამართლევი.
26 ივლისს 56 წლის სინგაპურელ მალაიელ მამაკაცს, მოჰდ აზიზ ბინ ჰუსეინს დასჯიან, რომელიც დამნაშავედ დაახლოებით 50 გრამი ჰეროინით ვაჭრობის გამო ცნეს. იგი ირწმუნება, რომ მის მიერ მიცემული ჩვენების დიდი ნაწილი რეალობას არ შეესაბამება, რადგან, მისივე თქმით, გამომძიებელმა მას ბრალის შემსუბუქების სანაცვლოდ, აღიარებითი ჩვენების დაწერა აიძულა. გამომძიებელმა უარყო ეს ბრალდებები, ხოლო მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა აღიარებითი ჩვენება ნებაყოფლობით მისცა.
გარდა ამისა, 28 ივლისს სინგაპურის 45 წლის მოქალაქეს, სარიდევი ჯამანს დაახლოებით 30 გრამი ჰეროინის შენახვის გამო დასჯიან. სასამართლო პროცესზე სარიდევის მტკიცებით, მას პოლიციისთვის ზუსტი ჩვენება არ მიუცია, რადგან ნარკოტიკისთვის თავის დანებების შემდეგ მოთხოვნილებით იტანჯებოდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თქმით, ჩვენების მიცემისას სარიდევი განიცდიდა მეტამფეტამინის ძალიან მსუბუქ ან ზომიერ მოთხოვნილებას, თუმცა, სიმპტომები „მინიმალური და შეუმჩნეველი” იყო.
ამასთან, სარიდევი იქნება პირველი ქალი, რომელსაც სინგაპურში 2004 წლის შემდეგ სიკვდილით დასჯიან მას შემდეგ, რაც 36 წლის პარიკმახერი იენ მეი ვუნი ნარკოტიკის ტრეფიკინგის ბრალდებით ჩამოახრჩვეს.