ირაკლი კობახიძე – „იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციოში ჩამოსასვლელად“

ირაკლი კობახიძე - „იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციოში ჩამოსასვლელად“„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის არ ჩასვლა საკონსტიტუციო სასამართლოში, მის მიმართ უპატივცემულობაა.

მმართვეი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გაეცნო პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიციას და მას “არასერიოზული” უწოდა.

„პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია.

კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს მისი პოზიცია. ნუ, აბსოლუტურად, არასერიოზულია რაზეც იქ არის საუბარი.

შარშან ივნისში, როცა ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ NGO-ები და ითხოვდნენ ვის გადადგომას? მთავრობის გადადგომას და პარლამენტის მიმართ ჰქონდათ შენიშვნები და არა პრეზიდენტის მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ პასუხისმგებელი არ არის და თუ არ არის პასუხისმგებელი რას დადის?

არიან არაკეთილსინდისიერი ძალები, რომლებიც ახერხებენ კონკრეტული ადამიანების “გადაქაჩვას.” ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ. გლობალურ ომის პარტიას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, დეტალებში არ მინდა შევიდე”, – თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს, განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

„ქართული ოცნების” მხრიდან სხდომას ხუთი დეპუტატი დაესწრება: ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.

სალომე ზურაბიშვილმა კი დღეს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.