დათო ლიკლიკაძე – „აღარავინ არ არის იმ დიდ სახლში, აღარავინ… მოკლედ ჩვენ დავიშალეთ…“

დათო ლიკლიკაძე - „აღარავინ არ არის იმ დიდ სახლში, აღარავინ... მოკლედ ჩვენ დავიშალეთ...“დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ბარბარობის წინა დღეებში მეგონა დედაჩემი ყველაზე გემრიელ და ლამაზ ლობიანს აცხობდა დედამიწის ზურგზე. მერე რომ გავაცხელებდით და მთელი შიგთავსი გადმოიყრებოდა და პრაქტიკულად მხოლოდ გახუხულ პურს ვჭამდით, მაინც მეგონა რომ ყველაზე მაგარი ლობიანი ჩვენს ოჯახში ცხვებოდა.
მას მერე ბევრი დრო გავიდა. ბევრი ლობიანიც ვნახე და ცოტა მეტიც, მაგრამ არ არსებობს უფრო მაგარი გემო ვიდრე დედაჩემის ლობიანს ქონდა. არ არსებობს, მართლა არ არსებობს.
არ ვიცი ამ პოსტით მართლა ლობიანს მივსტირი თუ იმ დროს, როცა ოჯახი გვერქვა, როცა მამა ცოცხალი იყო, როცა მე, ჩემი და და ყველა ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ფაქტია, რომ მართლა სასწაულ ლობიანს აცხობდა.
დღეს კი ყველანი დავიშალეთ, მე ახლა უცხოეთიდან ვპოსტავ, დედა თბილისში გადავიდა ჩემს დისშვილთან. მე ცალკე გავედი, ჩემი და გათხოვდა, აღარავინ არ არის იმ დიდ სახლში, აღარავინ…მოკლედ ჩვენ დავიშალეთ…
არადა რა სუფთად აცხობდა, ფქვილიც კი არ ეცხებოდა. ან ეცხებოდა და არ მახსოვს, დედა ხომ სუფთაა, მას არაფერი ეცხება…“