ირაკლი კაკაბაძე – „წერილი ჩემს საყვარელ ნათიას… 10 წელია უშენოდ ვცხოვრობ“

ირაკლი კაკაბაძე - „წერილი ჩემს საყვარელ ნათიას... 10 წელია უშენოდ ვცხოვრობ“ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

„შენ ჩემი უსაყვარლესი დედა და მეგობარი იყავი. ძალიან მიყვარდა შენთან ლაპარაკი – ისევე როგორც შენს და-ძმასთან, თუცა ცხადია შენთან უფრო ხშირად ვახერხებდი ამას.
ახლა, უკვე თითქმის 10 წელია უშენოდ ვცხოვრობ და თითქმის ყოველ დღე გიხსენებ, შენს სურათებს ყოველ დღე ვუყურებ და უხმოდ გელაპარაკები. კითხვებს გისვამ და თითქოს მესმის შენი პასუხები. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მახსოვს შენი პასუხები. როგორ შეიცვალა ყველაფერი – მაგრამ ამავე დროს მარადიული არც არაფერი შეცვლილა. დროს მოაქვს ცვლილება. მახსოვს გკითხე: რატომ არ გაინტერესებს ფული და სიმდიდრე მეთქი? ორი მიზეზი აქვს ამასო მითხარი: პირველი მიზეზი ისაა, რომ ჩემს წინაპრებს ომით სიმდიდრე მოპოვებული ჰქონდათ უკვე ძალიან დიდი ხანიაო – მინიმუმ 10 საუკუნეო და მამაჩემმა და ბიძაჩემმა თავისი სურვილით აჩუქეს მიწები გლეხებს ქართლშიო. მეორეო, როცა მარადიულ ღირებულებაზე ფიქრობ, მაშინ ხვდები რომ ამქვეყნიური არაფერს ნიშნავსო. და მე ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წელია, მამაშენთან ერთად და მისი გარდაცვალების შემდეგაც, მარადიულზე ვფიქრობ და დრო არ მრჩება ტანსაცმელზე, მაცივარზე, მანქანაზე ან ბიჟუტერიაზე ვიფიქროო.
საოცრად ჩამრჩა ეს სიტყვები გულში. ვაშინგტონის Union Station-ზე მოვდიოდით მე და შენ და სრულიად უკაპიკოდ ვიყავი მაშინ, შორეულ 1993 წლის ზამთარში. ფული ძალიან მჭირდებოდა – მაგრამ შენი სითბოს წყალობით თავი მაინც ძალიან ბედნიერად ვიგრძენი.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც მე და ამ ქვეყანას მიეცი.“