თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანახმად, პროექტის წინასწარი შეთანხმება უკვე მოხდა და შესაბამისი თანხმობაც გაცემულია. ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ დოლარამდე იქნება.
უძრავი ქონება 3,493 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს დაიკავებს. ქონების მესაკუთრეა შპს “მარილი 2020”, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი მესაკუთრე “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი პარტნიორი თამაზ გაიაშვილია. ამჟამად არსებულ ნაგებობაში ამავე ავიაკომპანიის სათავო ოფისი არის განთავსებული.
განმარტებითი ბარათის თანახმად, შენობა ლესია უკრაინკას ქუჩის მიმართულებით გაფართოვდება და ის კვადრატული ფორმის მიწის ნაკვეთის სრულ სივრცეს დაიკავებს, რისთვისაც ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობის უკან მდებარე მცირე ზომის ნაგებობის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.
შენობა რუსთაველის გამზირის მხრიდან არსებულ ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს, ხოლო ლესია უკრაინკას ქუჩაზე გაფართოვდება იმავე სტილის ნაგებობით, რათა ახალი ნაგებობა მის ისტორიულ იერსახესთან იყოს შესაბამისობაში. მთლიანობაში შენობას 10 სართული ექნება, მათ შორის 3 მიწისქვეშ განთავსდება და 16,238 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.
ახალ ნაგებობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება. ახალ კომპლექსში კაზინოს გარდა კომერციული ფართებიც მოეწყობა.
წყარო: bm.ge