დავით თევზაძე – „დღეს 33-ის გახდებოდა… მაცხოვრის ასაკისა…“

დავით თევზაძე - „დღეს 33-ის გახდებოდა... მაცხოვრის ასაკისა...“გენერალი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს 33-ის გახდებოდა… მაცხოვრის ასაკისა… მაშინაც, 7 მარტს, მოქუფრული ცა იყო თბილისში, წვრილად ცრიდა… სამშობიაროს წინ, ბორდიურზე, ვიჯექით სამნი: მე, რამაზი ვასაძე და ოთარი ფეიქრიშვილი, ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, რომელთაც მაშინ კარატეს ანა-ბანას ვაზიარებდი… დაბადება აგვიანდებოდა და არ მცილდებოდნენ: მარტო დასატოვებლად არ ვემეტებოდი…ზოგადად, უნდა ვთქვა, რომ იმდაგვარი ერთგულება და სითბო, რაც ცხოვრების მანძილზე, თავისი ურთიერთობით ამ ორმა ადამაინმა ჩემს მიმართ გაამჟღავნა, აღარ შემხედრია მეტად… მერე ვაჟა მოვიდა, ბეწუნაიძე, ოთარის ქვისლი, თუ არ მეშლება. მამაო იყო და თავისუფლად შევიდა სამშობიაროში, ამბავი გამოგვიტანა, გაგავამხნევა, შემდეგ მანქანის საბარგულს თავი ახადა, სასმელი ამოიღო, გაიღიმა თავისი არაჩვეულებრივი ღიმილით და გვითხრა, მოდი, მოსვლა გავუადვილოთო, ხომ იცით, მღვდელის დალოცვას მაინც სხვა ძალა აქვსო… ხოდა, მერე, სამი-ოთხი საათი, იქვე, “კაპოტზე”, “ვუადვილებდით” მოსვლას… რატომ ვყვები? დღეს 33 წელი გასრულდა ამ დღიდან. არცერთი, ვინც დავასახელე აღარაა : რიგ-რიგობით დატოვეს სააქაო: ჯერ ჩემმა ბიჭმა, მერე რამაზიმ, ვაჟამ და ოთარმა… იქ ერთად არიან… ვაჟა ალბათ იქაც თამადობს (ილოცება) და, ამჯერად, ჩემს გადასვლას აადვილებს…“