აშშ ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერის თქმით, ეს ქმედებები აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
„ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვებისთვის ათობით ქართველი პირისთვის. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
მისი თქმით, სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს […] მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის, განახორციელოს დამატებითი ქმედებები“, – აღნიშნა მილერმა.
მან ასევე დასძინა, რომ კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, ვინაიდან სავიზო ჩანაწერები კანონის თანახმად კონფიდენციალურია.