კოკოითი – ბოდიშის შემდეგ თბილისმა ჩვენი დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს

კოკოითი - ბოდიშის შემდეგ თბილისმა ჩვენი დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის მიუხედავად. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.

ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, არ აპირებს დაემორჩილოს ამ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდემოკრატიულ კანონს და დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ მოქალაქეების ინფორმირებას.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტელეგრამ არხის მეშვეობით, სადაც ამბობს, რომ ოსებითვის აუცილებელია “ერთიანი, პრინციპული და მკაცრი პოზიციის ქონა”.

„თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული, მაშინ, პირველ რიგში, თბილისმა  სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას, მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არგანახლების გარანტიას, ამავდროულად კი, დღის წესრიგში დააყენოს საკითხი საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური ტრუსოვსკი (თრუსო), გუდსკი (გუდაური) და სხვა ტერიტორიების დაბრუნების საკითხი”, – განაცხადა კოკოითმა.

კოკოითის თქმით, 1920 წლიდან სამხრეთ ოსეთისთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, 10 მილიარდი აშშ დოლარი, რომლის შესახებაც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრები აცხადებდნენ, საკმარისი არ არის.

„მაგრამ ეს საერთოდ არ არის მთავარი. ვინ დაგვიბრუნებს ათიათასობით მოკლულ და-ძმას? ვინ შეამსუბუქებს დაკარგვის ტკივილს ოჯახისა და მეგობრების? ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ”, – აღნიშნა მან.

კოკოითის თქმით, მსოფლიოში არსებული დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე,”შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მცდელობებისთვის, წამოიწყონ ომის რუსეთის საზღვრების გარშემო”, სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] მზად არის, რუსეთთან ერთად იბრძოლოს “მშვიდობისთვის და თავიდან აიცილოს სამხრეთ კავკასიაში ომის ახალი წყარო”.

სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ყოფილი ლიდერის თქმით, მისთვის ცნობილია „ქართული ელიტის ღალატის ისტორიული უნარის” შესახებ, ხოლო გაბატონებული გარემოებებისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, “სწორედ რუსეთის გამოჩენამ კავკასიაში დაამყარა რეგიონში მშვიდობა”.

„რუსეთი ყოველთვის დგას კავკასიაში მცხოვრები ხალხების ინტერესების საკეთილდღეოდ, ხოლო ზოგჯერ- საკუთარი ინტერესების საზიანოდ. აუცილებელია დავაფასოთ და ვიყოთ მადლიერი რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ, მშვიდობისთვისა და განვითარებისათვის, რომელიც სწორედ რუსეთის წყალობით გაჩნდა ახლად ჩამოყალიბებულ კავკასიურ სახელმწიფოებში”, – განაცხადა კოკოითმა.

კოკოითი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მშვიდობიანი ურთიერთობა სწორედ რუსეთის პირობებით უნდა იყოს შექმნილი, რომ საქართველომ და სამხრეთ კავკასიის სხვა მეზობელმა სახელმწიფოებმა  საფრთხე ვერ შეუქმნან მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში არარეგიონული ქვეყნებისა და სამხედრო ბლოკების ინტერესების გამო.

„ჩვენ მზად ვართ სამართლიანი დიალოგისთვის თანაბარ პირობებში, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა სტატუსი არანაირ განხილვასა და გადახედვას არ ექვემდებარება.

სხვა გზები მიუღებელია ჩვენი ხალხებისთვის, სწორედ ამიტომ მივმართავ ჩემს აფხაზ ძმებს და დებს პასუხისმგებლობით აღსავსე  რთულ დროს. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ჩვენი მოსახლეობისთვის ისტორიულ გამარჯვებას და ერთად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი აღდგენილი სახელმწიფოების მომავალი. რუსეთის გარეშე, რუსეთთან საიმედო ალიანსის გარეშე, ეს მომავალი შესაძლოა არ გვქონდეს”, – განაცხადა კოკოითმა.

„ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას  გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.

მისი თქმით, „საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება”.

ამის შესახებ ივანიშვილმა გორში ილაპარაკა, სადაც “ოცნების” ლიდერები ამომრჩევლების წინაშე გამოვიდნენ სიტყვით.

„დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა.

ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.

26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

წყარო: ნეტგაზეთი