ბექა ქურხული: „ევროპის კარზე კაკუნი და ბრახუნი არ გვჭირდება, რადგან ჩვენ თვითონ ვართ ევროპა, ჩვენ შევდივართ უძველესი ერების მცირე ჩამონათვალში”
ინტერვიუ მწერალ ბექა ქურხულთან.
– თქვენ მონაწილეობთ საპროტესტო აქციებში და როგორც მწერალი, ფაქტობრივად, დღევანდელობის მემატიანე ხართ… საინტერესოა, თქვენ მიერ დანახული და აღწერილი ამჟამინდელი საქართველოს ემოციური მდგომარეობა. საით მივდივართ, ხომ არ ავცდით ევროპის გზას?
– მე მგონი ამ ხელისუფლების ხელში, ევროპის კი არა, ყველანაირ გზას ავცდით! უკანონო პატიმრები, დარბეული აქციები, თავის ნებაზე გამოჩეკილი უკანონო „კანონები“, უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირე, საშინელი სიძვირე და ღია კორუფცია, როდესაც აშკარად არიან, ქვეყნის სიმდიდრის გაყოფაზე გადასულები და როდესაც ვეღარ იყოფენ, ერთმანეთს იჭერენ და თქვლეფენ!
სწორედ ამ მახინჯ მოვლენებთან არის დაკავშირებული პოლიციის მაღალჩინოსნების ლამის ეპიდემიად ქცეული თვითმკვლელობები თუ თვითმკვლელობების იმიტაციები!
ეს ყველაფერი ჩრდილოვანი მმართველობის შედეგია, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ქვეყანას რეალურად, ვინმე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელსაც რეალურად არანაირი თანამდებობა და სტატუსი არ გააჩნია ქვეყანაში. ამის მიუხედავად, ე.წ. პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამ არავინ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს 5 წუთში 30-ჯერ ახსენებს და მლიქვნელობის და მათხოვრობის ყველა რეკორდს ხსნის! რა ქნას, იცის, რომ თუ რამეა, მასაც ხელის ერთ აქნევით გაუყენებენ, მის წინამორბედს, აწ პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილს, რომელიც ასევე ერთგულად იძახდა: „ბატონო ბიძინა…. ბატონი ბიძინა… ბატონმა ბიძინამ… ბატონ ბიძინას…“ თუმცა, კობახიძე ვერ ითვალისწინებს, რომ მის წინამორბედს მისმა წილმა მლიქვნელობამ არ უშველა და „ხაზეინმა“ მაინც ვირის აბანოში უკრა თავი!
აქედან გამომდინარე, რომელ გზას არ ავცდით? რა, რუსეთთან მოაგვარა ურთიერთობა? შეხვდა ვინმე? დაელაპარაკა? თავი გაუყადრათ? გამოუგზავნეს ვიღაც მეასეხარისხოვანი გავრილოვი და დაათხრევინეს საკუთარი ბავშვებისთვის თვალები, ან რატომ დაელაპარაკებიან? უმძიმესი ომის ქარცეცხლში გახვეულ რუსეთს, ივანიშვილთან და, მითუმეტეს, ამ არარაობა კობახიძესთან ლაპარაკის დრო და ნერვები აქვს? რაში სჭირდება, ისედაც ჯიბეში უზიან.
ისრაელის ცნობილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მოშე დაიანი ამბობდა: „ზავს მხოლოდ მტრებთან დებენო!“ ჩვენ ამ, ეგრეთ წოდებულებისა და მათგან ოცდაათჯერ ნახსენები ბატონი ბიძინას ხელში, მტრები ან უბრალოდ პოლიტიკური და სახელმწიფო მოცემულობა კი არა, ერთი ვაჭრუკანა ჩარჩის კანტორად ვართ ქცეულები!
რაც შეეხება ევროპას! – ბევრჯერ მითქვამს, რომ არანაირი ევროპის გზა, ევროპის კარზე კაკუნი და ბრახუნი არ გვჭირდება, რადგან ჩვენ თვითონ ვართ ევროპა, ჩვენ შევდივართ იმ უძველესი ერების მცირე ჩამონათვალში, რომლებმაც ანტიკური ხანიდან შევქმენით ევროპა და ევროპული ცივილიზაცია!
დიახ, ევროპა, რელიგიურ, კულტურულ თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიქმნა ძელი ებრაული, ძველი ბერძნული (ანტიკური საბერძნეთი), ძველი ქართული (კოლხეთი, ოქროს საწმისი) ძველი სომხური და ძველი რომაული ცივილიზაციების მიერ. ეს ისტორიული ფაქტი გახლავთ და მოგვიანებითაც, როდესაც ჩვენი წინაპრები ძველი ბერძნულიდან ძველ აღთქმას (სხვათაშორის ქართველებს ძველი აღთქმის ორიტაოური და მცხეთური რედაქცია გვაქვს) და წმინდა ევანგელიეს თარგმნიდნენ, ახლანდელი ევროპის სრული უმრავლესობა დროგებს ფეხშიშველები მისდევდნენ ხელ პირის დაბანა არ იცოდნენ და ვანდალები ერქვათ, ბრიუსელის ადგილზე კი უღრანი ტყე შრიალებდა.
ასე რომ, არავისთან საკაკუნებელი და სახვეწარი ქართველებს არ გვაქვს, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, შინაურსაც და გარეულსაც.
ვფიქრობ, 2008 წელს ევროპის მესვეურებმა უპატიებელი შეცდომა დაუშვეს, როდესაც საქართველოს „მაპი“ არ მისცეს. სწორედ ამ დანაშაულებრივმა სიფრთხილემ გაუხსნა მადა რუსულ ურჩხულს, რასაც ჯერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყვა ცხინვალში, მერე 2014 წლის ყირიმის ანექსია და ბოლოს კი 2022 წლის 24 თებერვლიდან შუაგულ ევროპაში 5-წლიანი სისხლისმღვრელ ფართომასშტაბიან ომად შემოუბრუნდათ, უზარმაზარი მსხვერპლით უკრაინის მიწაზე. მეტიც, რამდენჯერმე დაირღვა ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცეები, ბალტიისპირა ქვეყნებიდან მოყოლებული, პოლონეთით და რუმინეთით დამთავრებული, ასე, რომ უკრაინა დღეს ევროპის და მსოფლიოს მეხამრიდის როლს ასრულებს თავისი საუკეთესო შვილების სისხლის და სიცოცხლის ხარჯზე.
სხვათაშორის, პუტინისა არ იყოს, ჰიტლერსაც ასე ნაჭერ-ნაჭერ აჭამეს, სულ ახლახანს მეოცე საუკუნის შუა წლებში, ნახევარი ევროპა, როდესაც რურის ოლქისა, და ავსტრიის ანშლუსზე, ჩეხოსლოვაკიის რურის ოლქის შემდეგ კი მთელი ჩეხეთის ანქსიაზე უმწეოდ და ჯიუტად ხუჭავდნენ თვალს. დღეს ევროპის პოლიტიკურ მმართველებს მაინცდამაინც არ უყვართ ამ ისტორიული ფაქტების გახსენება, მაგრამ, აი დარდი… ჩემ თვალწინ ქართველების, ჩეჩენ-ინგუშების, უკრაინელების და სხვების საუკეთესო შვილები შეეწირნენ და ახლაც ეწირებიან ამ ბრძოლას. ასე, რომ ვიმეორებ, არავისი საფერებელი საკაკუნო და სხვეწარი არ გვაქვს! სწორედ ამირანის და პრომეთეს სამშობლო, საქრთველო და კავკასიაა ევროპა!
– ახალი ტერმინი გაჩნდა, „სიძულვილის ენის აკრძალვა“ ამით სიტყვის თავისუფლების გზას ხომ არ გვიმოკლებენ და ისევ იქ ხომ არ აღმოვჩნდებით, საიდან გამოსვლასაც თაობები შეეწირა?
– გასაგებია! ჩვენმა ე.წ. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ უკანონო, კოლაბორაციონისტულ, ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ეწევა. მშვენივრად აქვთ გაცნობიერებული და მობეზრდათ ამდენი გინების მოსმენა. ისევე, როგორც მათ ნაძირალა პროპაგანდისტებს, მაგალითად, ამ ბითურ „უცნობს“, რომელსაც სოციალურ ქსელში კომენტარების ველი აქვს დახურული. ისეთ სისაძაგლეებს კადრულობს და ამბობს, ისე არაკაცურად იქცევა, რომ სრულიად საქართველო „ნაცნობი“ თუ „უცნობი” აგინებს და რაც უნდა ნაძირალა იყოს, აღარ სიამოვნებს, დაიღალა. თან, ვერც ჩერდება, იმიტომ, რომ „ბატონის“ სამსახური უნდა.“ ერთხელ რომ გაბ…ბი, ორჯერ, ათჯერ, მერე უკან გზა მოჭრილი გაქვს.
ესენიც ეგრე არიან, ივანიშვილიდან დაწყებული, ოხანაშვილით და პაპუაშვილით დამთავრებული, უკან დასახევი აღარავის აღარ დარჩათ. მათთვის, მათივე ბინძური ხაფანგი საბოლოოდ ჩაიკეტა და ახლა ამ მაზალო კანონებით უმწეოდ ფართხალებენ. კი, რა თქმა უნდა, თუ ხმას არ ამოვიღებთ, რა თქმა უნდა, ისევ იქ აღმოვჩნდებით, უკან, ოღონდ არა საბჭოთა კავშირში, სადაც „მიმინო“ და „ოიჰ გრუზინი კაკე სიმპატიჩნიე“ კი აღარ გველოდება, არამედ გაცილებით უარესი, ჩრდილოეთ კორეა, სადაც საბოლოოდ აღმოვჩნდებით, შიშისგან სრულიად ჭკუიდან შეშლილი და ბოტოქსმორღვეული მანიაკის, პუტინის ხელში.
თუმცა, უნდა მოგახსენოთ, რომ ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რუსეთისა და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის, რუსული რეჟიმის მარცხში. ამ მხრივ სრულიად მშვიდად ვარ!
– 20 ივნისიდან 7 წელი გავიდა. არავინ დასჯილა, გავრილოვის ჩამომყვანი კობახიძე კი პრემიერია. მთელი ეს 7 წელია უშედეგოდ ვიბრძვით, მაგრამ, ფაქტობრივად, უშედეგოდ. სად დავუშვით შეცდომა?
– არც არავინ არ დაისჯება. ვინ დასჯით? ასე გათითოკაცებული, გაბითურებული ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც წარმოუდგენელი სისულელის, ეგოიზმის, უუნარობის და ამბიციების წყალობით, 300.000-კაციანი აქციები დაშალეს. ქართველ ერს ხშირად ადანაშაულებენ ლაჩრობაში, თან სწორედ ისინი, ვინც რამდენჯერმე სრულიად უსირცხვილოდ და უნამუსოდ გაყიდეს, სწორედ ეს ქართველი ერი,
არა! მის უდიდებულესობა ქართველ ერს არ ეშინია, უბრალოდ, სრულიად სამართლიანად გული აუცრუვდა და დაიღალა ამ ნაირ-ნაირი ჯურის ხელმოცარული პოლიტიკანების, იდიოტიზმის სიხარბის და უსუსურობის შემყურე. უკაცრავად, საკუთარი ციტირებისთვის მაგრამ, ჯერ კიდევ 2011 წელს მაქვს ჩანაწერებში – „ყველგან დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკოსები იყოფიან ორ ნაწილად: პოზიციად და ოპოზიციად! საქართველოში კი პოლიტიკოსები იყოფიან: ბოზიციად და ობოზიციად-მეთქი!“ ახლაც, 15 წლის შემდეგ ხელს ვაწერ ამ კალამბურს…
პირადად, ჩემთვის არ არსებობს, უფრო სამარცხვინო, მიუღებელი და ხელჩამოურთმეველი სოციალური ჯგუფი და კასტა, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსებია. თვით პოლიციელებიც კი მათზე მაღლა დგანან. თუმცა, ეს ჩემი დამოკიდებულებაა და ამავე დროს მშვენივრად მაქვს გაცნობიერებული, პოლტიკოსებისა და პოლიტიკური პროცესების გარეშე, ჩემი ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს, იგივე თანამედროვე პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ვერ განვითარდება!
გავრილოვის ღამე კი არა, სულ რომ ცოცხლად დაგვჭამონ, ვინ დასჯის ამათ, ვინ ამოიღებს ხმას? აქეთ გვსჯიან, გვდევნიან, გვაპატიმრებენ, საზღვარზე გვაკავებენ. ამ ქვეყანაში დღეს ერთი დამსჯელია – წუთში ოცდაათჯერ ნახსენები მოქალაქე და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თავის გაღორებულ მონებს უფრო მკაცრად სჯის, ვიდრე ჩვენ – ამბოხებულებს და ქუჩაში გამოსულებს. ასევე სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ თავისი მონებისაგან გაცილებით მეტ საფრთხესაც გრძნობს, ვიდრე ჩვენგან – ბედის ანაბარა მიტოვებული აჯანყებულებისგან.
სად დავუშვით შეცდომა კი არა, სად არ დავუშვით შეცდომა?
სამწუხაროდ, თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ისტორია, 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოყოლებული შეცდომების უწყვეტი ჯაჭვია, იმედია, მაინც გავივაკებთ და და ამდენი სისხლის, ბრძოლის, შეცდომების მიუხედავად, საბოლოოდ ომს მაინც მოვიგებთ! ღმერთის იმედით!
– „ოცნება“ სხვაგან არის, ოპოზიცია – სხვაგან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ორივე საკუთარი, ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იბრძვის და რეალურად არცერთი არ არის ხალხთან. ეს კი გვინდა თუ არა, ძალიან პესიმისტურ განწყობას გვიქმნის. გამოსავალი რა არის?
– ვფიქრობ ამ კითხვაზე ნაწილობრივ გიპასუხეთ. სრულიად გეთანხმებით, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. გამოსავალიც გითხარით, ღმერთის იმედი!
არის კიდევ ერთი გამოსავალი, ასევე ღმერთის ნებით, რუსეთს ბოროტების იმპერიის დამარცხება უკრაინის ომში და პუტინის და პუტინისტური რუსეთის განადგურება. თუ მოვლენები ასე განვითარდა და ყველაფერი აქეთკენ მიდის, ეს იქნება, მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის რუსული საოკუპაციო რეჟიმის დასასრულის დასაწყისიც! რუსეთის და რუსული სატელიტების დამარცხება უკვე გარდაუვალია, 2022 წლიდან, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, უკვე ოთხჯერ გახლდით მივლინებით, ბოლოს სულ ახლახანს, 3 ივნისს დავბრუნდი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პუტინი და მისი რუსული იმპერია ამ ომში დამარცხდება!
თუმცა, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ ეს რეჟიმი, რომ ისე არ მოგვივიდეს: „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!“
– იმის მიუხედავად, რომ ციხეები გადაავსეს, ხალხი მაინც ვერ დააშინეს. თუმცა, უამრავი ოჯახი ჩააგდეს გამოუვალ მდგომარეობაში. ანგარიშების დაყადაღება, ბევრი უცხოეთში გაიხიზნა, ბევრი დაპატიმრებულების გვარ-სახელებიც არ ვიცით. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ან თუდაც ხალხმა, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, 500 დღეზე მეტია რუსთაველზე აქციაა, მაგრამ სიტუაცია თითქოს გაიყინა…
– ვერც დააშინებენ. ამ ნოქრების დასაშინებელი ქართველობა ჯერ არ დაბადებულა. ეს უჯიშო მახინჯები კი არა, ევრაზიის კონტინენტზე ურდოს და დამპყრობლებს არ გაუვლიათ, ქართველობას რომ არ შეჯახებოდნენ. ამათაც მოვიცილებთ, მთავარია რის ფასად. საერთოდ, ესეც რუსული პროპაგანდაა, ამ ორასოცდაათი წლის განმავლობაში, რომ ქართველებისთვის საბრძოლო მუხტი ჩაეკლათ!
ჩვენ დაგიცავთ, თქვენ კი გვიმღერეთ, გვიცეკვეთ, გვაჭამეთ გვასვით „გოსტეპრიიმსტვა“ „ხაჩაპური“… „ვინო“, „საცივი“, „ჩურჩხელა..“ ქართველები კი, პირველ რიგში, მეომრობით ვართ ცნობილები!
ხალხს, რომ ეროვნული ტანისამოსის – ჩოხა-ახალუხის შემადგენელ ნაწილად სატევარი ექნება, ის „ხაჩაპურის მცხობელი“ და მოცეკვავე და მოტლინკავე ერი ვერ იქნება…
აგერ არიან არქანჯელო ლამბერტი, ისკანდერ მუნში, პიეტრო დელა ვალე, მუსტაფა ნაიმა, არაქელ თავრიზელი და სხვა ისტორიკოსები, მტრებიც და მოყვარეებიც, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ, ქართველთა გამორჩეულ სამხედრო ნიჭს და მონაცემებს. აგერ უკვე მე-19 საუკუნეში უცნობილესი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა თავის კავკასიაში წერდა: „როდესაც ეს არანორმალური ქართველები თავისი წყეული ზურნის ჰანგებს მოჰკრავენ ყურს, რომელიც თოჯინების თეატრშიც კი არ გამოდგება, მზად არიან თვით ზეცაც კი შტურმით აიღონო!“
რაღა შორს წავიდეთ, ამის დასტურია, რუსებთან აფხაზეთის ომიც, როდესაც 14-17 მარტს სოხუმის შტურმის დროს და იმავე წლის 2-10 ივლისს, ტამიშზე რუსული შტურმის დროს ქართულმა მხედრობამ, უმაგალითო გმირობა აჩვენა. ამის დასტურია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ამ თანამედროვე ტარიელის და ავთანდილის გაუტეხლობაც, რომლებიც სრულიად სამართლიანად განისვენებენ მთაწმინდაზე.
ახლაც, ამ წამს, 2014 წლიდან მოყოლებული უკრაინის ომში რაოდენობითაც და სამწუხაროდ მსხვერპლითაც, უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზე ვართ! ანუ, ქართველების გარდა, უამრავი ქვეყნის და ერის წარმომადგენელი ეხმარება უკრაინას თავის სამართლიან და გმირულ ბრძოლაში: პოლონელები, ჩეჩნები, ბრიტანელები, ლიტველები, იაპონელები (სამი მათგანი მარტო ჩვენთან იყვნენ ქართულ ლეგიონში) და რა ვიცი ბრაზილიელები და კოლუმბიელებიც, კი ბელორუსების მთელი შენაერთი და ჩვენ 2014 წლიდან, თორმეტი წლის განმავლობაში უწყვეტად პირველ ადგილზე ვართ! დამიჯერეთ, ეს უბრალო არ გახლავთ და უკრაინელები ამას ძალიანაც აფასებენ!
საკუთარი გამოცდილებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ დღეს არსად ქართულ პასპორტს იმხელა ძალა არა აქვს, თვით საქართველოშიც კი, როგორც უკრაინაში და აწი ასე იქნება, უკუნითი უკუნისამდე.
ვიმეორებ, ვერავის ვერ შეაშინებენ! ქალბატონ მზია ამაღლობელს, ელენე ხოშტარიას, დგებუაძისნაირი, კალაძისნაირები ვერ შეაშინებენ, გამორიცხულია. ისევე, როგორც პოეტ ზვიად რატიანს, რეჟისორ გიორგი სავანელს, ექიმ გურამ ჩახუნაშვილს… ძალიან ბევრი რეჟიმის ტყვე გვყავს და სწორედ თითოეული მათგანია, ამ რეჟიმის დასასრულის გარანტია.
დააკვირდით, ვერცერთი, მათგანი ვერ გატეხეს: თან ძრითადად, სულ ქალბატონები და ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან: ექიმები, მსახიობები, პოეტები, მწერლები, რეჟისორები, პროფესორები, სტუდენტები და ერთი ადამიანიც ვერ გატეხეს, ვერ გააჩუმეს, ვერ ჩამოაშვებინეს ხელები…
რაც შეეხება რუსთაველზე 500-დღიან პროტესტს: ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ შეცდომებზე, ოპოზიციის ლიდერების ეგოიზმზე და შეცდომებზე, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის მარტიდან მოყოლებული, როდესაც ამ ნაძირლებმა გაბედეს და ეს „რუსული მანიფესტი“ კანონად შემოგვასაღეს, აი, ამ წუთამდე, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, 500-დღიანი უნიკალლური პროტესტი უდავოდ შევიდა საქართველოს ისტორიის ქრონიკებში, როგორც უმაგალითო სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის მაგალითი!
ჩვენ ამ დღეებმა გვაჩვენა, რატომ ვერ მოერია ქართველებს ის უამრავი მტერი, რომლებიც უკვე ვახსენეთ და რატომ შევინარჩუნეთ რწმენა ეროვნული იდენტობა, დედაენა და სახელი და გვარი!
კი, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ 300 არაგველი, მხოლოდ 300 იყო, ისევე როგორც 9 ძმა ხერხეულიძე, ისევე როგორც ბახტრიონის, მარტყოფის, მარაბდის გმირები, მაგრამ მთავარია რომ იყვნენ, მთავარია რომ არიან, მთავარია, რომ ყოველთვის იქნებიან! დამარცხება საშიში არ არის, თუ რამეა, ისევ გავალთ ტყეში, მთებში, საიდანაც რუსთაველი ერთი ხელის გაწვდენაზეა! საშიშ გატეხვა, დანებება და შეგუება გახლავთ, რაც ჩვენგან გამორიცხულია! ამიტომაც მაქვს ურყევი რწმენა, ქრისტე ღმერთისა და საქართველოსი! რომ ეს ურჯულო მტრის ორდა, შინაური და გარეული მტრები, საბოლოო ჯამში, მაინც ვერაფერს დაგვაკლებენ!…
– გაგვწირავს ევროპა და შეგვიჩერებს ვიზალიბერალიზაციას?
– არ ვიცი და ალალად გითხრათ, მაინცდამაინც არც მაინტერესებს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავანებოთ თავი სხვის იმედზე ყოფნას და სხვის ხელებში ყურებას. გარეთ მოწყალებას რომ გთხოვენ, ხან გაიღებთ ამ მოწყალებას ხან – არა. გააჩნია რა გუნება-განწყობაზე ბრძანდებით! ზუსტად ასევეა ეს ამბავიც. ხომ იყო დრო, რომ ამბობდნენ: მოვა ერთმორწმუნე რუსეთი, როგორ გაგვწირავს ეგენიც ქრისტიანები არიან, გაგვწირა კი არა დედა გვიტირეს! აგერ გვაქვს შვეიცარიის და ისრაელის მაგალითი, სრული 100 წელიც არ არის, რაც ებრაელობა პალესტინის უდაბნოში შეყარეს და მათაც უაღრესად მტრულ გარემოცვაში, ცალ ხელში თოფით და მეორეში თოხით ერთ მტკაველ მიწაზე უძლიერესი სახელმწიფო შექმნეს!
ებრაელებს რომ ვაჭრები ჰყავთ, ჭორვილელი ივანიშვილი კი არა მთელ დანარჩენ მსოფლიოს არ დაესიზმრება, როკფელერები, როთშილდები, როზენკრანცები… მაგრამ მიხვდნენ, განსაკუთრებით ჰოლოკოსტის კოლოსალური ტრაგედიის შემდეგ, რომ საკუთარი სახელმწიფოს გარეშე, ყველაზე „ცივილიზებულ“ და გასხივოსნებულ“ ევროპის შუაგულშიც კი განწირულები იყვნენ, თუ იქ ხელისუფლებაში ჰიტლერის მაგვარი, ახლა კი პუტინის მსგავსი მანიაკი აღმოჩნდებოდა. ხოლო ის სახელმწიფოც, რომელსაც ასე სისხლით და ოფლით აშენებენ, 26 საუკუნის პაუზის შემდეგ, აგერ უკვე 82 წელია სათავეში აუცილებლად სამხედრო, პოლიტიკოსი, იურისტი ან ეკონომისტი უნდა ედგეს!..
ამიტომაც არის, რომ ისრაელში ჯარში ნამსახურები თუ არა ხარ და ე.წ. სამხედრო ბილეთი არა გაქვს, ხელისუფლებაში მოხვალ და მინისტრი და პრემიერ მინისტრი კი არა, ყველაზე პატარა სოფლის, კიბუცის ბიბლიოთეკის დირექტორადაც კი არავინ დაგნიშნავს. ამ მხრივ ვფიქროობ ისრაელი საქართველოს ყოველმხრივ სამაგალითო ქვეყანა უნდა იყოს!
ჩვენ თავად უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვეძიოთ მეგობრები და მოკავშრეები. აქვე ცნობილი გამონათქვამი უნდა გავიხსენოთ: „ბრიტანეთს არა ჰყავს მუდმივი მეგობრები, ბრიტანეთს აქვს მუდმივი ინტერესები“.
დღეს დღეისობით ერთი რამე ეჭვგარეშეა: რომ რუსეთის იმპერია ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია და მოსისხლე მტერია, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.
ცხადია, ისიც, რომ ჩვენ თუ თავადაც არ გამოვიღეთ ხელი საკუთარი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ჩვენ მაგივრად საქართველოსთვის არავინ იშრომებს, იბრძოლებს და იღვაწებს. ჩვენ თუ სუსტი და მაჩანჩალები ვიქნებით არავის არ ვენდომებით და არავის არ დავჭირდებით, ტყუილად ვიტორღიალებთ, ღარიბი ნათესავებივით! მით უფრო, რომ ნათესავებიც არსად გვყავს, ჩვენი ჩრდილოეთ კავკასიელი ქისტების, რომლებიც რუსეთს ჰყავს დაპყრობილი და აფხაზების, რომლებიც მტრებად გადაგვკიდეს და ჩვენს შორის ზღვა სისხლია ჩამოწოლილი. ასე, რომ ევროპაც ჩვენს ხელშია, თუ ვივარგეთ, კავკასიაც, აზიაც და ჩრდილო და სამხრეთ პოლუსებიც. თუ ვერა და ვუყუროთ ამ პუტინის კაც ივანიშვილს და მის ჯიბის ე.წ. მთავრობას, ვის დაიჭერს და ვის დაგვასვამს თავზე. ჯერ მეტი დაცინვა რაღაა – ერთი ფეხბურთელი ქალაქის მერად რომ დაგიდეს და მეორე ფეხბურთელი – ქვეყნის პრეზიდენტად.
გახსოვთ კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცებაში“ გვგანჯ აფაქიძე? „ჯერ ვინმეს კაცი მითხარი და ახლა იმ კაცის კაციო!”
– ეკლესია ხომ არ აჭარბებს, როდესაც პოლიტიკაში ერევა?
– ვფიქრობ, ეკლესია აჭარბებს როდესაც პოლიტიკაში არ ერევა, როდესაც მისი ქვეყნის, მისი სამწყსოს და მისი მრევლის ბედი წყდება. როდესაც რუსთაველზე, ქაშუეთის წმინდა ეკლესიის წინ ნებისმიერი ჩათლახი ხელისუფლების დროს ხალხს არბევენ და მომწამლავ, მხუთავ გაზს უშვებენ!
მგონია, რომ ასეთ დროს სულ ცოტა ყველა ეკლესიის სამრეკლოზე განგაშის ზარებს უნდა რეკდნენ. ეკლესია არ უნდა აძლევდეს პოლიტიკოსებს საკუთარი, თუნდაც, შემცდარი ხალხის დაჩაგვრის უფლებას!
მეორე მხრივ, მე როგორც მართლმადიდებელი, ქრისტიანი და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ეკლესიის, კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ გამოსვლის.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლების სათავეში ათასი მაქინაციებით მოქცეული ვიგინდარების, შარლატანების და მედროვეების ჯგუფი, გადასარევად იყენებს, მოდას აყოლილი იდიოტების ან რეალურად ქვეყნის და ქრისტიანობის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფების გამოხდომებს, რომ ხალხს უთხრან: „აი ნახეთ ამ უსამშობლოებისთვის არაფერი წმინდა არ არის, ნახეთ, რას ამბობენ ეკლესიაზე, კათალიკოს პატრიარქზე!“ მერე რა, რომ თავად ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან ახლოსაც არ ჩაუვლიათ, ხოლო მათი შეფის ბიძინა ივანიშვილის მებრძოლი ათეიზმი, დამოკიდებულება და ეჭვიანობა ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან მიმართებაში, არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს!
ამიტომ, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ჩვენს დედა ეკლესიას ეხება საქმე. პირადად, ჩემთვის, ისევე როგორც მილიონობით ქართველისთვის, ეს ძალიან ფაქიზი თემა გახლავთ!
ყოველთვის ხაზს ვუსვამ რომ თავად პაპაჩემის პაპის, დავით ეპისკოპოსის აშენებული საყდარი მაქვს საგარეჯოში, მთავარმოწამის აშენებული, რომლის ეზოში მისი შთამომავალი და ჩემი წინაპარი, მღვდელი ისიდორე ქურხული განისვენებს, თავისი ოთხი ვაჟით: – ერეკლე, დავითი, არჩილი და ელეფთერი, რომლებიც 1924 წელს, ბოლშევიკი რუსების წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებას შეაწყდნენ!
ქართული ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ჯვრით და მახვილით იბრძოდა ქართველი ერის მხარდამხარ!
არც ის გახლავთ შემთხვევით რომ 1625 წლის პირველ ივლისს მარაბდის ლეგენდარული ბრძოლის დროს ქართველი ეპისკოპოსებიც იბრძოდნენ თავის მრევლთან ერთად და 9 ძმა ხერხეულიძესთან ერთად, ორი რუსთავის და ხარჭაშნის ეპისკოპოსიც გმირულად დაეცა!
ასევე საგულდაგულოდ უმალავენ ქართველ ხალხს ეს მედროვე კოლაბორაციონისტები, რომ არცერთ, ყველაზე სასტიკი დამპყრობელსაც კი არ დაუშავებია იმდენი, რამდენიც ვითომ საშველად მოსულ „ერთმორწმუნე“ რუსეთს – 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმება, ეკლესიები გადაღებვა, გაძარცვა, საეკლესიო ხელნაწერების დაწვა, აგერ ჩვენ თვალწინ, აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიების განადგურება, დანგრევა, გადაღებვა თუ მითვისება!
ასე, რომ ჩვენს და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქართულმა ეკლესიამ, კარგად უნდა გავარჩიოთ, ბზე და ხორბალი, ბოროტი და მადლი, მტერი და მოყვარე! მჯერა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეკლესია და ქართველი ერი, მათი გზა საერთო გამარჯვებისაკენ, კვლავ ერთნი და განუყოფელი იქნება!
– ხართ უკრაინის ომის მონაწილე და ემოციურად ალბათ, ბევრ სიტუაციას უფრო მძაფრად, ან უფრო სხვანაირად აღიქვამთ და დარწმუნებული ვარ, დღევანდელობაზეც დაწერთ წიგნს… რას ფიქრობთ დღევანდელ მოვლენებზე და როგორ შეფასდება ეს მოვლენები მომავალში?
– უკრაინის ომში ოთხჯერ ვიყავი: 2022 წლის მაის-ივნისში, აფხაზეთის და უკრაინის ვეტერან რეჟისორ და პოეტ გოგა ჭყონიასთან ერთად. მაშინ სულ ახალი დაწყებული იყო ომი და „პუბლიკის“ რედაქტორის, ზურაბ ვარდიაშვილის დახმარებით მოვხვდით იქ.
2023 წლის ზაფხულში, როდესაც ძალიან მძიმე ვითარება იყო ფრონტზე, ჩვენი მხრიდან წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ. 2024 წელს სექტემბერ- ოქტომბერში, 25 ოქტომბერს დავბრუნდი არჩევნების დღეს, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ არჩევნები გაყალბებულია და აქაც დიდი ბრძოლები მოგვიწევდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. და ახლა, 2026 წელს 15 აპრილიდან 3 ივნისამდე!
და აი, მეოთხედ დაბრუნებისას სრულიად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ომი ჩვენ მოვიგეთ! აქამდე ასეთი კატეგორიული განცხადების უფლება საკუთარი თავისვთის არ მიმიცია!
რაკი იმას მოვესწარით, რომ 9 მაისს პუტინი ტრამპს ეხვეწებოდა ამერიკაში ზელენსკის უთხარი არ დაგვბომბოს “პარადი” ჩაგვატარებინოსო და ის „პარადიც“ ლამის სირბილით ჩაატარა.
საკმარისია, თავად ამ ჯალათ პუტინის გასაცოდავებულ სახეს შეხედო და ეგრევე მიხვდები, რომ სამარცხვინო აღსასრულის მომლოდინე ავადმყოფ ჯალათთან გვაქვს საქმე!
უკრაინამ შეუძლებელი შეძლო და ეს პირსისხლიანი მონსტრი პირწმინდად დაამარცხა. დანარჩენი სამყარო, რომელიც საკუთარ თავს „დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს“ უწოდებს, ვერასოდეს ვერ ამოვა უკრაინის ვალიდან.ვერც მორალური და ვერც ეკონომიური, ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისევე როგორც მანამდე საქართველოს და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წინაშე იყო ვალდებული, როდესაც ჩვენ, ფაქტობრივად, მარტონი და ყველასგან მიტოვებული ვიბრძოდით ამ უზარმაზარი პირსისხლიანი მონსტრის, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ…
დიახ, ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ გააჩნია რის ფასად. აგერ ვიდრე თქვენს კითხვებს ვპასუხობდი ორ დღეში სამი ბიჭი დაგვეღუპა: გიორგი დამენია, იგორ ბეკურაშვილი და დავით ქუქჩიშვილი, რომელსაც დაღუპული უკრაინელი მებრძოლები გამოჰყავდა თავის უკრაიენლ თანამებრძოლებთან ერთად და ამ დროს FPV-„ეფპივის“ დრონებმა დაარტყეს… დავით ქუქჩიშილი ადგილზე დაიღუპა, მისი თანმხლები უკრაინელი მებრძლები კი მძიმედ დაიჭრნენ!
რაც შეეხება წიგნებს, სიმართლე რომ გითხრათ არ მიყვარს ეს წიგნები! „უკრაინული დღეები“ ჩემთვის უკვე საძმო სასაფლაოს შთაბეჭდილებას ტოვებს – ამ დღიურებში აღწერილი ბიჭების ნაწილი, წიგნის გამოცემამდე დაიღუპა, 2022 წელს ჯამბულ ხოფერია, ვისთან ერთადაც ირპენში მაისში ერთად ვიყავით, იმავე წელს 1 დეკემბერს კი დაიღუპა!
2023 წელს ნოდარ ნასიროვი, წიკლაური „წიკო“ – 2024 წლის „უკრაინული დღეებიდან“ ვანო ნადირაძე, რომლის წლისთავიც არის ახლა. ბევრი ბიჭები დაიღუპნენ და ჩემთვის ეს უმძიმესი ამბავია.
თუმცა, რეალურად, უმთავრესს რასაც ვაკეთებ, უკრაინის ომში მონაწილეობით, ამ ბიჭების სახელების და გვარების შენარჩუნება გახლავთ, რომ რეზო ინანიშვილის „ანანურელი ულამაზოებივით“ და გურამ რჩეულიშილის „უსახელო უფლისციხელივით“ არ გადაიკარგოს მათი ღვაწლი.
დამეთანხმებით, ეს ორივე მოთხრობა შედევრია, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი თანამებრძოლებიც და მათი გმირობაც ასე უცნობად დარჩეს. ამიტომ, წიგნების გარდა, თქვენის ნებართით, თქვენი გაზეთის ფურცლებიდანაც ჩამოვთვლი მათ გვარებს და სახელებს, დაე, აქაც დარჩნენ და ასე დავამთავრებ თქვენთან ინტერვიუს:
კონსტანტინე – გუთუ ჯღამაია, ზაზა შონია, კობა კარტოზია, ნოდარ კირცხელია – „ფიგარო“ – ყველა სოხუმიდან, კაკო კასრაძე, ვასო ნადირაძე ცხინვალი, რომკა ფარულავა, რომან გუგეშაშვილი – გაგრა, ანატოლი შევჩენკო – ამ ომისთის უნივერსალური მებრძოლია მამით შევჩენკო, დედით ქართველი თავადების შთამომავალია გარსევანიშვილი – გოჩა ბერიძე, გიორგი ხაჟომია, ბეგლარ წილოსანი, ბათმი. გიორგი მურადაშვილი – „ახალდაბა“, დათო მირიანაშვილი, დათო „დოლუ“ – გორი, ქიზიყელი გიორგა „ჯოღორია“, ზურა ჯიბუტი, ლევან ფიფია, თუშები – დათო აბულიძე, რომა თუშიშვილი, ჩემი მამიდაშვილია დედა ქურხული ჰყავს, ორივე საძახისით „თუშია“ – ნიკო გიგოიძე. მოხევე გიორგი ხეთაგური ზუგდიდელები გელა ქირია და ბერდია კუკავა – „ტარტალიოტი “. აქეთ შერეკილების“ ბრიგადა სლოვიანსკი კრომოტორსკის ფრონტზე. მეთაური ავთო ქაჯაია, „ქაჯო:, გურამ გურგენიშვილი – ველისციხე. ქუთაისელი ბექა, იმერელი ვალერა, მანუჩრ შონია, მატნელი თორნიკე – „თოკო“ „ბალუ“. მთიულები, დიმა ჩიტიშილი – „დემნა“, ილია ჯავახიშილი, თბილისელი ვაჟა-ფშაველას კვარტლელი გერმანელი სანდრო ოხმანი, ნიკა ნიკაჭაძე ზესტაფონიდან, ნიკა ქორთუა, დემეტრე ჯანჯღავა და კიდევ უამრავი ქართველი მებრძოლი, რომელსაც პირადად მე არ ვიცნობ ან სახელს და გვარს არ ამბობენ, მშობლებს ეუბნებიან, რომ ევროპაში ვართო, რომ არ ინერვიულონ, თავად კი უკრაინაში იბრძვიან “ქართულ ლეგიონში,“ „შერეკილებში,“ „პარტიზანებში,“ „კავკასიურ ლეგიონში“ თუ უკრაინულ შენაერთებში, მათ ერთი საერთო სახელი ჰქვიათ – ქართველი მეომარი!
„ახალი თაობა“

