„ოცნება” ნაციონალების გამეორებაა”

„ოცნება" ნაციონალების გამეორებაა"ლევან ალაფიშვილი: „პარტიული დემოკრატიის გარეშე, გამჭვირვალობის გარეშე სახელმწიფოში დემოკრატია ვერ განვითარდება”…

ინტერვიუ კონსიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილთან.

– ბატონო ლევან, როდემდე გაგრძელდება დაჭერები და რა სურს ამით ხელისუფლებას, ხალხს რომ დაანახოს?
– ახალი ამბავი არ არის და ვერც იქნება ის, რომ მმართველი ძალის პოლიტიკა რეპრესიულია განსხვავებული მოსაზრებების მქონე მოქალაქეების მიმართ, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების სერიოზული შეშფოთების საგანია. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელიც დემოკრატიული სტანდარტებისგან შორს დგას.
სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს გამოხატვის შეზღუდვის კანონმდებლობა და პოლიტიკა, თუმცა, იქ დემოკრატიული სტანდარტები დაცულია. პირველ რიგში, სასამართლო სისტემის მეშვეობით გამორიცხულია და დაზღვეულია რეპრესიული პოლიტიკის გატარება. სწორედ ეს “ჩაკეტა” მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, რადგან სასამართლო კანონით ხელმძღვანელობს. კანონით კი დააწესა ის მძიმე სასჯელები, დასჯადი ქმედებები, რომელიც სასამართლოსთვის თავისუფლებას არ ტოვებს. სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია და შესაბამისად, ამით კიდევ უფრო შეამცირა მისი ავტორიტეტი და ნდობა საზოგადოების მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია საქართველოში დემოკრატიის ხარისხობრივი დაზიანება.
დაჭერები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რადგან ასეთი პოლიტიკაა და გარდა ამისა, მმართველი ძალა სასამართლოს თავისუფლებას არ უტოვებს.
რეალურად ისედაც დამოუკიდებლობას ნაკლულ სასამართლოს მეტ თავისუფლებასაც არ უტოვებს.
არც სასამართლო სისტემა, მათ შორის საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, არც საერთო სასამართლოები სისტემურად პოლიტიკურად ნეიტრალურნი არ არიან, როგორც წესი, ერთეული გამონაკლისების გარდა, სწორედ იმ პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებენ და იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მმართველ პოლიტიკურ ძალას აქვს გაწერილი კანონმდებლობით თუ საჯაროდ გაცხადებული.
აქციის მონაწილის დაკავება და ხანგრძლივი ვადით გისოსებს მიღმა გაშვება, არა მგონია პრევენციულ ეფექტს ატარებდეს, ან აუცილებელი იყოს ამ ადამიანის საზოგადოებისგან დიდი ხნით იზოლაცია და ეს იყოს ლეგიტიმური მიზანი.
სწორედ იმიტომ, რომ სასამართლოს მეტი თავისუფლება არ ჰქონოდა, რეპრესირებული ცვლილებების შემდგომ, ეს ყველაფერი ისედაც დამოუკიდებლობას ნაკლულ სასამართლოს ესეც კი შეუზღუდა და ადგილი არ დატოვა ცალკეულ მოსამართლეებს, რომ ვინმეს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო.
– სიძულვილის ენის წინააღმდეგ ე.წ. ბრძოლის შემოღება რაში დასჭირდა ხელისუფლებას?
– დემოკრატიული სტანდარტები აქაც უნდა იყოს დაცული. სიძულვილის ენა ინტენსივობის და გამოხატვის ფორმის კვალობაზე შესაძლებელია იყოს რეაგირების საგანი, წუხილის საგანი, ხელისუფლების ჩარევის საგანი. ჩვენთან წლების განმავლობაში სიძულვილის ენა განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მიმართ, პირველ რიგში, მმართველი პოლიტიკური ძალის და მისი მხარდამჭერების მხრიდან მოდის.
წლების განმავლობაში თავად არიან სიძულვილის ენის დამნერგველები და გამავრცელებლები. გვახსოვს როგორი დამაკნინებელი ფორმებით მოიხსენიებდნენ იმ ჩვენს მეგობრებს, ლიდერებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერნი და გულშემატკივრები არიან.
– ოპოზიციურ პარტიების დაპირისპირება ქვეყნისთვის რამდენად საზიანოა?
– მინიმუმ 10 წელია, რასაც საჯაროდ ვაცხადებ, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის ერთ-ერთი საზომი არის პარტიული სისტემა და მისი გამჭვირვალობის საკითხი. აქ გვაქვს უდიდესი პრობლემები. არცერთი ხელისუფლების დროს არ იდგმებოდა კონკრეტული ნაბიჯები პარტიული სისტემის დემოკრატიულ სტანდარტებზე გადაყვანისთვის. თუკი პარტიული სისტემა არ იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული, როგორ შეიძლება ამ არადემოკრატიული ინსტიტუტების მიერ ფორმირებული ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე და დემოკრატიული? ყველა გვპირდება დემოკრატიას განავითარებთო, მაშინ, როცა საკუთარ პარტიაში არა აქვთ დემოკრატია. პარტიული დემოკრატია არ არსებობს, რაც სერიოზული სისტემური პრობლემაა. ეს თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებას, პროცესის გამჭვირვალობას, წევრთა ჩართულობას, არამედ ფინანსურ გამჭვირვალობასაც. შესაბამისად, ეს თუ არ გამოსწორდა, ყოველთვის გვექნება ერთი და იგივე შედეგი. უბრალოდ, მოთამაშეები იქნებიან სხვადასხვა გვარ-სახელის მატარებელნი.
ყოფილი მმართველი და დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა, ნაცმოძრაობა და “ქართული ოცნება” ერთმანეთს იმეორებენ, ერთმანეთს ჰგვანან. კოლეგიური ორგანოები შიგნით არის მხოლოდ ატრიბუტი და მეტი არაფერი. შინაარსობრივად გადაწყვეტილება მიიღება ამ ორგანოების მიღმა, კონკრეტული ლიდერების მიერ. დემოკრატია ნიშნავს განსხვავებული აზრების შეჯერებას. გადაწყვეტილების პროცესის მიღების გახსნილობას, განსხვავებულის მოსმენას, დებატებს და ასე შემდეგ. დახურულ სისტემაში ეს ყველაფერი უფრო ადვილად წარიმართება. თუ ეს არ გამოსწორდა, დიდხანს ვიქნებით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ.
– რატომ არ სწორდება?
– იმიტომ, რომ ჩვენთან ნებისმიერი პარტია ვიღაცის პარტიაა. ყველა პარტია პერსონიფიცირებულია. ყველა პარტია წარმოდგენილია კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა მცირე ჯგუფების ინსტრუმენტად, რომ თავად მოვიდნენ ძალაუფლებაში და მოახდინონ საკუთარი ზრახვების რეალიზება.
პარტიული დემოკრატიის გარეშე, გამჭვირვალობის გარეშე სახელმწიფოში დემოკრატია ვერც განვითარდება და ვერც გამჭვირვალე იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თუკი ახალი პოლიტიკური ძალები გაჩნდებიან, ან არსებულ პარტიებში ახალი მენტალობის მქონე ახალგაზრდები მოვლენ და შიგნიდან შეიცვლება ეს სისტემა, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს უახლოეს განვითარებას.
– ახალი მენტალობის მქონე ახალგაზრდებს მოსვლის უფლებას მისცემენ?
– ყოფილი მმართველი და დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალების გასაგონად ვიტყვი, სპეციფიკის და ეპოქის გათვალისწინებით იმაზე ძლიერი პარტია, ვიდრე “მოქალაქეთა კავშირი” იყო გახსენდებათ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში? დღეს ხომ აღარავის აღარ ახსოვს? დღეს ყველამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ან გაიმეორებენ იმ გზას, რომელიც ისტორიის ბნელ კუთხის თაროზე ამ პარტიის შემოდებას რომ გულისხმობს, ან უბრალოდ, დაექვემდებარებიან ცვლილებას და განვითარებას.
ჩემთვის პოლიტიკა არის ფასეულობებზე, იდეოლოგიაზე დაფუძნებული ადამიანთან ერთობა.
– ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის საკითხი ჯერ კიდევ მწვავედ დგას, რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
– დიდი ხანია, რაც ქართველმა ხალხმა დემოკრატიული და ევროპული არჩევანი გააკეთა. თუ ეს არ გაითვალისწინა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, იმ შედეგებამდე მივალთ, რომელსაც იმკიან. ეს იქნება სანქციები, აქციები, პოლიტიკური მარცხი.
ამას შეიძლება მძიმე პასუხიმგებლობაც მოჰყვეს. დღევანდელ პოლიტოკოსებს საკითარი შვილები მოსთხოვენ პასუხს. შეიძლება ეს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაც იყოს. აქ ჩვენი შვილების მომავალზეა საუბარი. თუკი, ამას არ გაითვალისწინებს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი, მერწმუნეთ, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება. საქართველო დემოკრატიის გზიდან არ გადაუხვევს. ოღონდ ფასი პოლიტიკური პასუხიმგებლობისა შეიძლება განსხვავებული და შეიძლება მძიმეც იყოს.
ლიკა ოსაძე, „ახალი თაობა”