”ბრალდებულმა ნონას უკნიდან ვაზა გამეტებით ჩაარტყა” _ რა ხდებოდა დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზე

”ბრალდებულმა ნონას უკნიდან ვაზა გამეტებით ჩაარტყა” _ რა ხდებოდა დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზეთბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დანაშაულის, დედა-შვილის, ნონა რომანაძისა და 3 წლის მარიამ მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ხაბელაშვილის, საქმის არსებითი განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დაიწყო.

პროცესს დაესწრო ბრალდებულიც. მოსამართლე ეკა არეშიძის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, გიორგი ხაბელაშვილმა უპასუხა, რომ არა.

გიორგი ხაბელაშვილი 2004 და 2006 წლებში ნასამართლევია. მან სასჯელაღსრულების სისტემა 2013 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა. მისჯილი 15 წლიანი პატიმრობიდან   7 წელიწადნახევარი მოიხადა. ხაბელაშვილი ქურდობის, ყაჩაღობისთვის და მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაპატიმრებული.

ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ ჩაიდინა ბრალდებულმა საზარელი მკვლელობა.

_ ბრალდებულმა ნონას უკნიდან ვაზა გამეტებით ჩაარტყა. მან ხელის აუკანკალებლად ჩაარტყა სკამი, შემდეგ აიღო დანა და 27-ჯერ ჩაარტყა. ის სისხლისგან დაიცალა. ამის შემდეგ ხაბელაშვილმა დედის სისხლში ამოსვრილი დანა 14-ჯერ ჩაარტყა პატარა მარიამს. ამით მან გეგმის პირველი ნაწილი შეასრულა _ დანაშაულის მოწმეები მოიშორა.

შემდეგ თანხის და ძვირფასეულობის ძებნა დაიწყო, მხოლოდ ფული იპოვა. ის ჩქარობდა, რომ მისთვის ვინმეს არ შეესწრო. მარიამს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, _ აღნიშნა შესავალ სიტყვაში პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებულმა მოკლულ რომანაძის სახლიდან წამოღებული ძვირფასეულობა მკვლელობიდან მეორე დღეს ლომბარდში ჩააბარა.

შესავალ სიტყვაში დაცვის მხარემ, ადვოკატმა თამაზ კვახაძემ, ბრალდების მხარის მიერ წარმოთქმულ სიტყვას მხატვრული უწოდა.

_ მე არ ვიცავ მკვლელს, მე ვიცავ უდანაშაულო ადამიანს,   _ ასე დაიწყო მან სიტყვა, _ საკმაოდ ემოციური იყო ბრალდების მხარის სიტყვა. თუმცა მათ ერთი მნიშვნელოვანი   რამ გამორჩათ _ მკვლელობის მოტივი.

ჩადენილია უსასტიკესი დანაშაული და ისმის კითხვა: რა მოტივი ამოძრავებდა მას, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა? ბრალდების მხარემ ყველაფერი მხატვრულად დახატა, მაგრამ საქმეში არსებობს დეტალები, რომლებიც უამრავ საეჭვო რამეს დაგანახებთ, _ აღნიშნა თამაზ კვახაძემ.

ადვოკატის თქმით, რადგან ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, ის ,,საქმის გასახსნელად კარგი კანდიდატი იყო’’.

_ გიორგი ხაბელაშვილი ბრალდების მხარეს არ უპოვია, მისი კანდიდატურა გამოძიებას დაზარალებულმა მიაწოდა, _ განაცხადა თამაზ კვახაძემ.

შესავალი სიტყვის შემდეგ ორი მოწმე დაიკითხა. ნაფიც მსაჯულებს სიტყვით გიორგი ხაბელაშვილმაც მიმართა და მათ გადაწყვეტილების მიღებისას კარგად დაფიქრება სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ დანაშაული 2016 წლის 22 თებერვალს თბილისში, ფონიჭალაში მოხდა.

ეკა ლემონჯავა