ბრაზილიური ხორცის სკანდალი და საქართველო

ბრაზილიური ხორცის სკანდალი და საქართველობრაზილიაში მომხდარმა „ხორცის სკანდალმა“ საყოველთაო ყურადღება მიიქცია: ქვეყნის ხელისუფლებამ ვადაგასული ხორცით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრა, რის შემდეგაც 30-ზე მეტი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გადააყენეს და ხორცის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო დახურეს. პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა.
ბრაზილიიდან ხორცი თითქმის მთელ მსოფლიოში შედის, მათ შორის ჩვენთან – საქართველოში.
მარტო 2016 წელს ბრაზილიიდან ჩვენს ქვეყანაში 4,448 მლნ დოლარის ღირებულების 4,623 ათასი ტონა ხორცი შემოვიდა.
როგორ აისახა ეს სკანდალი ქართულ ბაზარზე, სადაც წლების განმავლობაში ისედაც რთული სიტუაცია იყო?
როგორც ჩვენთან საუბარში სურსათის ექსპერტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ეთერ სარჯველაძემ აღნიშნა, უნდა შემოწმდეს ყველა სამაცივრე ობიექტი, რომელიც დიდი ხნით ინახავს ხორცპროდუქტებს.
_ როდის შემოვიდა, სად დაკლეს, სად გაიყიდა _ მთელი ეს ჯაჭვი საიმედოდ უნდა შემოწმდეს. ამიტომ არის კარგი ადგილობრივი წარმოების განვითარება: როდესაც ქვეყანა იმპორტზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული, მოსახლეობას საშუალება ექნება ადგილობრივი და საიმედო პროდუქცია შეიძინოს, _ აღნიშნავს ეთერ სარჯველაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში 90-მდე სასაკლაო მოქმედებს, სადაც საქონელი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იკვლება. იმპორტირებული ხორცი პირველ ეტაპზე საზღვრის გადმოკვეთისას კონტროლდება, რასაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს.
 _ რაც შეეხება ბრაზილიურ ხორცს, არცერთ საერთაშორისო რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ჯერჯერობით მოკვლევა მიმდინარეობს, ჩვენ ეს ყველაფერი კონტროლზე გვყავს აყვანილი და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება კონტროლი ბრაზილიიდან შემოტანილ პროდუქციაზე, _ აცხადებს კახა სოხაძე.

ხორცპროდუქტების მაღაზია „ტარჩინსკის“ გაყიდვების მენეჯერი გიორგი ხაჯიბეგი მიიჩნევს, რომ ყველაზე საიმედო ხარისხი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქციას აქვს.
_ ყველაზე საიმედო ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ხორცი და ხორცპროდუქტებია. ეს პროდუქცია გაცილებით სანდოა, ვიდრე ბრაზილიიდან, რუსეთიდან, ან სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტირებული. ბრენდულ მაღაზიებში ხორცპროდუქტები სერტიფიკატის გარეშე არ იყიდება, აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებიდან ხორცის შემოტანაც წარმოუდგენელია, რადგან ევროპელები ყველაფერს ზუსტად და თანმიმდევრულად ამოწმებენ, _ ამბობს გიორგი ხაჯიბეგი.

ბიპიენი