დაჭრილი შვილი მამას ჩააკვდა ხელში _ მკვლელობა ნაფარეულის სტადიონთან

დაჭრილი შვილი მამას ჩააკვდა ხელში _ მკვლელობა ნაფარეულის სტადიონთანგამოძიების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 28 წლის ვალოდია გაიმასიანი საკუთარმა მეზობელმა, 22 წლის ახალგაზრდამ, სანადირო თოფიდან ორი გასროლით მოკლა.

საზარელ შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან რამდენიმე თვის წინ ჩამოსული შვილი მამას ხელებში ჩააკვდა.

მოარული ხმების თანახმად,  ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

როგორც სოფელ ნაფარეულის გამგეობის სპეციალისტმა ნინო ბაინდურაშვილმა “ნიუპოსტს“ უთხრა, დაკავებულმა ვალოდია გაიმასიანს დაურეკა და სოფელში მდებარე სტადიონზე დაიბარა, სადაც ორი გასროლით მოკლა.

_ შელაპარაკება მოსვლიათ, რა საკითხზე მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. ველოდებით გამოძიების შედეგებს, _ აცხადებს ნაფარეულის გამგეობის სპეციალისტი.

ნინო ბაინდურაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სოფელში მომხდარის ირგვლივ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით კი უთანხმოება საყვარელ ქალს და ეჭვიანობას უკავშირდება.

_ როგორც ამბობენ, შელაპარაკდნენ, დაკავებულმა კი დაურეკა და სახლიდან გაიყვანაო. შვილი რომ სახლიდან გავიდა, მამაც გამოჰყვა, დაჭრილი შვილი მამას ჩააკვდა ხელში, _ აცხადებს “ნიუპოსტთან” ადგილობრივი.

ნინო ბაინდურაშვილი დაკავებულსაც და გარდაცვლილსაც დადებითად ახასიათებს. მისი თქმით, ვალოდია გაიმასიანი ​უცხოეთიდან რამდენიმე თვის დაბრუნებული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ნაფარეულში მკვლელობა გახსნილია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 28 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1995 წელს დაბადებული გ.ძ.ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.