დიმიტრი ლორთქიფანიძე: “ირაკლი მამალაძე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყოს”

დიმიტრი ლორთქიფანიძე: "ირაკლი მამალაძე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყოს"პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების ნახვისას, გამოცდილი თვალი აუცილებლად დაინახავს ძალიან ბევრ საეჭვო დეტალს, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს დანაშაულებრივი, ორგანიზებული ჯგუფის არსებობასთან.
_ ბატონო დიმიტრი, ბოლო დროს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?
_ პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მოწმის უსაფრთხოება, რომელიც ამ საქმეზე ბრალდების მოწმედ გვევლინება. უპირველესად, ირაკლი მამალაძე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყოს. როგორც ჩანს, დანაშაულში, რომელშიც მამა გიორგი მამალაძე ბრალდებულის სტატუსს ატარებს, მონაწილეობს არაერთი პირი.
_ ანუ?
_ შესაძლოა საქართველოს პროკურატურის მხრიდან ძალიან მალე გამოიკვეთოს დანაშაულებრივი ჯგუფი და ორგანიზატორები. ამის თაობაზე უკვე ალაპარაკდა ძირითადი მოწმე ირაკლი მამალაძე, რომელიც, ფაქტობრივად, ასახელებს იმ გარემოებას, თუ საიდან ელოდებოდა მამა გიორგი მამალაძე თანხას ციანიდის შესაძენად. აცხადებს, რომ ის თანხას ზემდგომი პირებიდან ელოდებოდა. იმასაც ამბობს, რომ ის პირები, შეიძლება, მონაწილობდნენ მამა გიორგისთან ერთად საქმეში, რაც ასევე უკავშირდება პატრიარქის გარემოცვას.
_ ზოგი ამბობს, რომ ამ ჩანაწერებიდან არც არაფერი ჩანს. იგივე აზრი გამოხატეს ბრალდებულის ადვოკატებმაც. გამოქვეყნებულ ჩანაწერებში თქვენ, როგორც იურისტმა, დანაშაულის ნიშნები დაინახეთ?
_ გამოცდილი თვალი აუცილებლად დაინახავს ბევრ საეჭვო დეტალს, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის არსებობასთან. ამაზე მეტს ახლა არაფერს ვიტყვი. ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლევა ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ წარმოდგენილ ჩანაწერწებში, რომ გარკვეული დანაშაული მზადდებოდა და რომ ციანიდის შეძენა არ იყო დაკავშირებული სამეურნეო-შემოქმედებით საქმიანობასთან, არამედ პირდაპირ იყო მიმართული ადამიანის წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე, ეჭვის საფუძველი იმისა, რომ მზადდებოდა დანაშაული ადამიანის სიცოცოხლის წინააღმდეგ, არის სრულიად ლეგიტიმური.
_ გიორგი მამალაძის დაპატიმრების ფაქტის გახმაურებისას აცხადებდნენ, რომ მზადდებოდა პატრიარქის მოწამვლა. შემდეგ თითქოს უარყვეს ეს ფაქტი, მაგრამ ქვეცნობიერად საზოგადოებას მაინც ის აზრი რჩება, რომ ჯგუფის ქმედებები, რომელზეც საუბარია, პატრიაქამდე მიდიოდა. თქვენ რას ფიქრობთ?
_ საეჭვო რაც მომეჩვენა გიორგი მამალაძის საუბარში, გახლავთ ის, რომ ბრალდებული მიუთითებს გარკვეულ ჯგუფზე და აცხადებს, ისინი დაინტერესებული არიან, მე შიგნით შევიდეო. შიგნით შეღწევაში ის გულისხმობს საპატრიარქოში დიდი თანამდებობის დაკავებას. სამი თანამდებობა, რომელსაც ის ასახელებს, არის ის თანამდებობები, რომლებიც უჭირავთ მამა მიქაელ ბოტკოველს, მამა დავით ჯინჭარაულსა და მდივან-რეფერენტ ქალბატონ შორენა თეთუაშვილს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვიღაც ჯგუფი დაინტერესებული იყო, მამა გიორგი მამალაძე რაც შეიძლება ახლო ურთიერთობაში ყოფილიყო პატრიარქთან.
რა კავშირშია ეს ციანიდის შეძენის ფაქტთან, რა კავშირშია გარკვეული დანაშაულებრივი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანასთან, ამაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. რა თქმა უნდა, გარკვეული დეტალების შეფასება არ უნდა გვაძლევდეს საშუალებას, უკვე დასრულებულ დანაშაულზე, ანუ შემდგარ დანაშაულზე ვისაუბროთ, მაგრამ მალე ჩვენ კვლავ უნდა ვიხილოთ გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც, ძირითადი მტკიცებულებების სახით, დაერთვება ბრალდებას საფუძვლად.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა