ეროვნულმა ბანკმა მთავრობის დავალება არ შეასრულა

ეროვნულმა ბანკმა მთავრობის დავალება არ შეასრულა_ ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ვერ ახორციელებს, _ აცხადებს ექსპერტი დავით ასლანიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის ფრანსუა პეჰშოს პასუხობს, რომელმაც მოიწონა ეროვნული ბანკის მუშაობა და განაცხადა: „მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული მონეტარული პოლიტიკა არსებული ეკონომიკური ვითარების სრულიად შესაბამისია“.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ,,აღტაცებას” საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ექსპერტი დავით ასლანიშვილიპასუხობს. ,,ახალი თაობა” უცვლელად გთავაზობთ მის მოსაზრებას.
დავით ასლანიშვილი:
_ ეროვნული ბანკის მიერ რეალურად განხორციელებული მონეტარული პოლიტიკა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, თორემ ქაღალდზე გაცხადებული მონეტარული პოლიტიკა, უფრო სწორად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, აბსოლუტურად შეესაბამება არსებულ ეკონომიკურ ვითარებას.
და იცით რატომ ვერ ახორციელებს ეროვნული ბანკი თუნდაც სავალუტო ფონდის მიერ ქაღალდზე დაწერილ რეკომენდაციებს? იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი მძევალია მის მიერვე შექმნილი და ხელშეწყობილი საბანკო ოლიგოპოლიის პირობებში.
ლარიზაციის კოეფიციენტი ანაბრების პორტფელში 30% არ აღემატება (ფიზიკური პირებისთვის – 20%). იცით რატომ? იმიტომ რომ ნდობაა დაკარგული ლარის მესვეურის, ე.ი. ეროვნული ბანკის მიერ რეალურად გატარებული მონეტარული პოლიტიკის მიმართ.
სესხების გალარება – ერთადერთი დავალება, რომელიც ეროვნულ ბანკს მთავრობისგან ჰქონდა დავალებული, ისიც კი ვერ ჩაატარა ნორმალურად და მიიღო აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი: კლიენტების 80%, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ სავალუტო კრიზისებით 2015–2016 წლებში, მაინც არ მიიღეს სესხების გალარების შემოთავაზება.

ეს განაპირობა უპირველესად იმ გარემოებამ, რომ ეროვნულმა ბანკმა ბუნდოვანი და საბანკო ოლიგოპოლიისგან ნაკარნახევი მონეტარული პოლიტიკით ცრუ მოლოდინები გააჩინა საზოგადოებაში.
გალარების პროგრამის ჩავარდნაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ ბანკს და იმედია, ხელისუფლებაშიც მოხდება ამის სიღრმისეულად გაცნობიერება.
თქვენ კი, ბატონო პეჰშო, გთხოვთ, შეწყვიტოთ წითელი კალმით ხუთიანების წერა, ამის ნაცვლად დაიკავოთ შავი მარკერი ხელში და დაფაზე დაწეროთ: „საბანკო ოლიგოპოლიას, არა !“

განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ოლიგოპოლია ეკონომიკური სიტუაცია, როდესაც ბაზარზე მრავალი მომხმარებლის მოთხოვნას აკმაყოფილებს რამდენიმე სუბიექტი. ისინი აწარმოებენ ერთგვაროვან ან დიფერენცირებულ პროდუქტს; ოლიგოპოურ ბაზარზე შეღწევა გართულებულია, რაც წარმოშობს მონოპოლიური მოგების მიღების ობიექტურ საფუძველს.