გსურთ, იყოთ ახალგაზრდა?

გსურთ, იყოთ ახალგაზრდა?გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ ყველაზე დღეგრძელები იაპონელები არიან, ყველაზე მცირე ხანს კი აფრიკელები ცოცხლობენ. სიცოცხლის ხანგრძლიობაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: გენეტიკა, საცხოვრებელი ადგილი, კლიმატი, საკვები, სუფთა გარემო და რა თქმა უნდა, პოლიტიკური და სოციალური სიტუაციები.

როგორ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა, ამაში სპეციალისტთა რჩევები დაგეხმარებათ.

ტელევიზორი გამორთეთ. დადგენილია, რომ 50 წლის განმავლობაში ადამიანი 7 წელს ტელევიზორის წინ დივანზე მჯდომი ან წამოწოლილი ატარებს. სატელევიზიო დრო სპორტულით შეცვალეთ _ 5-10 წლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლებს დაიმატებთ.

ხილი და ბოსტნეული ჭამეთ. ყოველდღიურ მენიუში ხილი და ბოსტნეული დაუმატეთ, ამით ნაადრევი სიკვდილის რისკს 20%-ით შეამცირებთ. ხილი და ბოსტნეული ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც გულს იცავენ და კიბოს განვითარებას თავიდან აგაცილებთ.

სამარილე შორს! მარილის მოხმარება დღეში 6 გრამამდე შეამცირეთ. ეს წნევის ნორმაში დაცვას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სანახევროდ შემცირებას ეხმარება. თუ მარილიანი ჭამეთ, იმ დღეს სხვა კერძს მარილს ნუ დაუმატებთ.

დღეში 9.000 ნაბიჯი გადადგით. ადამიანი, რომელიც დაკავებულია გონებრივი შრომით, მისთვის რეკომენდებულია 12.000 ნაბიჯი დღეში. ქალებმა 40 წლის ზევით და მამაკაცებმა 50 წლის ზევით, დღეში 9.000 ნაბიჯი უნდა გადადგან.

მეტი გაიცინეთ! მხიარული ადამიანები გულ-სისხლძარღვთა პრობლემებით იშვიათად იტანჯებიან. ეცადეთ, ყოველდღიურად სიცილისთვის ახალი საბაბი იპოვოთ და თქვენი ჰორმონები მუდამ ნორმაში იქნება.

ხშირად მოეხვიეთ. 20 წუთიანი მოხვევა (მეუღლის, შვილის, შვილიშვილის) სისხლის წნევასა და სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) დონეს აქვეითებს. უკანასკნელი პირდაპირ კავშირშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებთან და შაქრიანი დიაბეტის განვითარებასთან.

მოსაწონი სამუშაო იშოვეთ. საინტერესო და საყვარელი სამუშაო სტრესის დონის შემცირების ხარჯზე, ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ეხმარება. სამუშაო, რომელიც მორალურ და მატერიალურ სიამოვნებას განიჭებთ, რამდენიმე ზედმეტ სასიხარულო წელს გჩუქნით.

სიყვარული და საყვარელი პარტნიორი იპოვეთ. სიყვარული საუკეთესო სტიმულია იმისთვის, რომ არ დაბერდეთ, თავი საუკეთესო ფიზიკურ და გონებრივ ფორმაში შეინარჩუნოთ. საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარული ჩვენში ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას ეხმარება. ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, სულიერ ბალანსს და ამქვეყნად საჭიროდ ყოფნის შეგრძნებას.

,,სარკე”, აზა გაგოშიძე